2023 წლის საუკეთესო მეკარეები | რომელ ადგილზეა ტოპ 10-ში მამარდაშვილი
ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, Score90-მა, რომელსაც „ინსტაგრამზე“ 1.7 მილიონი გამომწერი ჰყავს, 2023 წლის საუკეთესო მეკარეები დაასახელა. ტოპ 10-ში ქართველი გოლკიპერიც მოხვდა, და Score90-მა გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.
„მამარდა“ მე-10 პოზიციას იკავებს. მის წინ ისეთი ცნობილი მეკარეები იმყოფებიან, როგორებიც დიოგუ კოშტა (მეცხრე), ემილიანო მარტინესი (მერვე), გრეგორ კობელი (მეშვიდე), მაიკ მენიო (მეექვსე), ედერსონი (მეხუთე), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (მეოთხე), იან ობლაკი (მესამე), ტიბო კურტუა (მეორე) და ალისონი (პირველი) არიან.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი აქვს ჩატარებული. ქართველმა მეკარემ კარი მშრალად 6 შეხვედრაში შეინახა და რამდენიმე ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ცნობისთვის, Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ღირებულება 30 მილიონი ევროა. ესპანეთის ლა ლიგაში მასზე ძვირად მხოლოდ ტიბო კურტუა, იან ობლაკი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არიან შეფასებული.