„ზაფხულთან შედარებით, წინ უდიდესი ნაბიჯები გადადგა“ - იტალიური მედია კვერნაძეზე
იტალიური სააგენტო Metropolitan Magazine „ფროზინონეს“ ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის შესახებ წერს და ეუსებიო დი ფრანჩესკოს ხელში განვლილ პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას.
რა წერია სტატიაში:
იყო მოლოდინი, რომ „ფროზინონეს“ ყველაზე ნაკლებად ცნობილი მოთამაშე, გიორგი კვერნაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით წავიდოდა. ყველა მინიშნება ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ ეუსებიო დი ფრანჩესკომ „ნაპოლისთან“ მოპოვებული დიდი გამარჯვების შემდეგ ყველაფერი გააკეთა, რომ ზამთრის ეს სცენარი ყველასთვის გამოერიცხა.
ახალგაზრდა გიორგი კვერნაძეს „ფროზინონეში“ დარჩენა შეუძლია. ზაფხულში, შედარებით უხმაუროდ ჩამოსულმა ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-სა და იტალიის თასზე საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, თუმცა, „ნაპოლისთან“ თასის ბოლო მატჩში ამ ბიჭმა გვაჩვენა, რომ ზაფხულთან შედარებით, განვითარებისკენ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა. ეუსებიო დი ფრანჩესკო მასზე მუშაობს და დარწმუნებულია, რომ ქართველი გარემარბი გუნდისთვის სარგებლის მოტანას შეძლებს, როცა განვითარების გარკვეულ ეტაპს გაივლის.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე „ფროზინონეში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 176 წუთი ითამაშა. ბოლოს, ქართველი ფეხბურთელი „კოპა იტალიას“ 1/8 ფინალში, „ნაპოლის“ წინააღმდეგ მოგვევლინა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ კვერნაძე პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ შეცვალა. ის მატჩი „ფროზინონემ“ 0:4 მოიგო, მაგრამ ოთხივე გოლი კვერნაძის მოედნიდან გასვლის შემდეგ გავიდა.