NBA-ის ანტირეკორდი | დეტროიტ პისტონსმა ზედიზედ 27 თამაში წააგო
„დეტროიტ პისტონსმა“ NBA-ის ანტირეკორდი დაამყარა. დღეს დილით, „დეტროიტი“ „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდა. „პისტონსი“ კატასტროფული სერიის შეწყვეტასთან ახლოს იყო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და ზედიზედ 27-ე მატჩი წააგო, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში არასდროს მომხდარა.
საფინალო სირენამდე 58 წამით ადრე, „პისტონსი“ მხოლოდ 2 ქულით აგებდა, მაგრამ დორიან ფინი-სმიტის სამქულიანის შემდეგ, „ბრუკლინის“ უპირატესობა 5-ქულიანი გახდა. „დეტროიტი“ ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და შეხვედრა 112:118 დათმო.
„პისტონსის“ რიგებში ბრწყინვალე იყო კეიდ კანინგემი, რომელმაც მატჩი 41 ქულით, 9 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით დაასრულა. ბოიან ბოგდანოვიჩმა 23 ქულა მიითვალა, ალეკ ბერქსმა - 13. „ნეთსს“ 24 ქულით კემერონ ჯონსონმა ულიდერა. მიკალ ბრიჯისმა 21 ქულა ჩააგდო, კემ ტომასმა - 17.
ამრიგად, „დეტროიტს“ 2 მოგება და 28 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილს იკავებს. „პისტონსს“ 29 ოქტომბრის შემდეგ არ გაუმარჯვია. ბოლო გუნდი, რომელიც „დეტროიტმა“ დაამარცხა, „ჩიკაგო ბულსი“ გახლავთ.