მამარდას ფასმა ისევ მოიმატა - ქართველი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა!
ცნობილი სატრანსფერო სააგენტო Transfermark-ის ვერსიით, გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულებამ 5 მილიონი ევროთი მოიმატა და ამ დროის მონაცემებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.
აქამდე, მამარდაშვილის ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა 22 დეკემბერს განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველი მეკარის ფასი 30 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.
სატრანსფერო ღირებულების მიხედვით, გიორგი მამარდაშვილზე წინ ტიბო კურტუა („რეალი“), იან ობლაკი („ატლეტიკო“) და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“) არიან, რომელთა ფასიც 35 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა, მამარდაშვილი ისეთ მეკარეებს უსწრებს, როგორებიც არიან უნაი სიმონი („ატლეტიკ ბილბაო“), რომლის ღირებულება 25 მილიონი ევროა, ალექს რემირო („რეალ სოსიედადი“), რომლის ფასიც ასევე 25 მილიონი ევროა და კეპა („რეალი“), რომლის ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს.
საგულისხმოა, რომ 2021 წელს, როდესაც გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ გადავიდა, „ღამურების“ ხელმძღვანელებს მისი ტრანსფერი 800 ათასი ევრო დაუჯდათ.