ხვიჩა კვარაცხელია, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

9-კაციანი ნაპოლი რომში დამარცხდა - მოურინიო კვარას დაუპირისპირდა

სერია ა-ს მე-17 ტურში „რომამ’’ „სტადიო ოლიმპიკოზე’’ „ნაპოლის’’ 2:0 მოუგო. ანგარიში 76-ე წუთზე ლორენცო პელეგრინიმ გახსნა, მეორე გოლი რომელუ ლუკაკუმ მე-6 დამატებულ წუთზე შეაგდო.

66-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მატეო პოლიტანო გააძევა, 86-ე წუთზე - ვიქტორ ოსიმენი. „პარტენოპეიმ'' მატჩი 9 ფეხბურთელით დაასრულა.

ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის’’ სასტარტოში ითამაშა, 87-ე წუთზე შეცვალეს. ხვიჩა შეტევაში ნაკლებად პროდუქტიული იყო, საუკეთესო თვისებები არ გამოუვლენია, შეტევებს ვერ ამწვავებდა, თუმცა მის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო არბიტრმა კრისტენსენსა და კრისტანტეს ყვითელი ბარათი უჩვენა.

პირველი ტაიმიდან მისი და ჟოზე მოურინიოს შელაპარაკება დღის, ტურის და შესაძლოა სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებში შევიდეს, მათი დაპირისპირების ვიდეო-ფოტო მასალამ სოციალური მედიის პლატფორმები მოიცვა, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მოურინიომ ხვიჩას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „საკმარისია, პატივისცემა გამოიჩინე''. მოურინიო თვლიდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სიმულაციას მიმართა.

ხვიჩა „რომას'' წინააღმდეგ

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა (პლუს 2 პენალტი მოიპოვა). იტალიის ჩემპიონატის ამ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ პირველი ტურის შეხვედრა გამოტოვა, „ფროზინონესთან’’ მატჩში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

17 ტურში „ნაპოლიმ'' 27 ქულა დააგროვა, ამ მომენტისთვის მე-7 ადგილზეა, მე-6 პოზიციაზე მყოფ „რომას'' 1 ქულით ჩამორჩება და მერვეადგილოსან „ატალანტას'' 1 ქულით უსწრებს. მე-18 ტურში „ნაპოლი'' „მონცას'' მიიღებს, შეხვედრა 29 დეკემბერს გაიმართება (21:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები