უოტფორდის მწვრთნელი: ჩაკვეტაძის გაშვების მიზეზი არ მაქვს
როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრებისა და ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იანვარში გუნდს არ შეიცვლის.
ამ თემასთან დაკავშირებით, „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიან ისმაელმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჩაკვეს“ გასაშვებად მას მიზეზი არ აქვს.
„ვერ გეტყვით, თუ საიდან მოდის ასეთი ინფორმაციები (ჩაკვეტაძის შესაძლო წასვლაზე). რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ გიორგი ჩვენთან რჩება. ჩვენ გვიყვარს ის როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ის ბრწყინვალე პროფესიონალია.
ჩაკვეტაძესთან ერთად კარგად ვმუშაობ და მე პირადად, მისი გაშვების მიზეზი არ მაქვს“.
- აღნიშნა ისმაელმა.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ჩაკვეტაძის შეძენა შოთა არველაძეს სურდა, რომელიც ცოტა ხნის წინ თურქული „ქარაგიუმრუქის“ მწვრთნელად დაინიშნა და გუნდის შეცვლა თავად გიორგისაც სურდა, რათა მარტში ერთა ლიგის მატჩებისთვის უკეთეს კონდიციებში ყოფილიყო.
ჩაკვეტაძის წასვლის სურვილი მისი მცირე სათამაშო დროიდან გამომდინარეობდა. ქართველის დაბრუნება ბრატილავის „სლოვანსაც“ სურდა. საბოლოოდ, ცხადი გახდა, რომ „უოტფორდი“ მას არსად უშვებს და მთავარი მწვრთნელისთვის ქართველი შემტევი მნიშვნელოვან ფიგურად რჩება.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ამ სეზონში ჩემპიონშიფში 16 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. „უოტფორდი“ 31 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.