ფინანსური ქაოსი - ბარსა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან 2-3 წლით მოკვეთონ
„ბარსელონას“ შესაძლოა ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის გამო ჩემპიონთა ლიგაზე თამაში 2-3 წლით აუკრძალონ.
„ბლაუგრანას“ 2024/25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ემუქრება. იტყობინება გერმანული Welt am Sonntag უეფასა და კატალონიური კლუბის წყაროებზე დაყრდნობით.
კლუბები ვალდებულნი არიან ბოლო 3-წლიან ციკლში დანახარჯების კომპენსირება მოახდინონ და ის უეფას წარუდგინონ. „ბარსას“ კი ამ მხრივ სრული ქაოსი აქვს, რისთვისაც შესაძლოა დაისაჯოს.
სექტემბერში „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ მათ სუფთა მოგება 304 მილიონი ევროს ოდენობით ჰქონდათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ შესაძლო დასჯის საფრთხე აღარ არსებობდა. თუმცა, უეფას ფინანსური წესების მიხედვით, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის გაყიდვები, რომლებიც პირდაპირ შეიძლება მიეკუთვნებოდეს საფეხბურთო ბიზნესს. „ბარსას“ ბოლო წლიურ ანგარიშში ნახსენებია ასობით მილიონი ევროს შემოსავალი, მაგალითად, მომავალი ტელევიზიისა და მარკეტინგის უფლებების გაყიდვიდან, ასევე სპორტის სხვა სახეობებიდან. ასეთი შემოსავალი კი უეფას მხრიდან არანაირად არ ფასდება.
უეფას წყაროები ამბობენ, რომ „ბარსას“ ფინანსური ანგარიშები ქაოსშია. მათ მიაჩნიათ, რომ კლუბი შეიძლება ჩემპიონთა ლიგიდან 2-3 სეზონით მოიკვეთოს, რაც კლუბისთვის უფრო დიდი ფინანსური ზარალის მომტანი იქნება.
ზაფხულში უეფამ „ბარსელონა“ 500 ათასი ევროთი დააჯარიმა. შემდეგ უეფას ფინანსური კონტროლის პალატამ დაასკვნა, რომ კლუბმა არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან მიღებული მოგება არასწორად გამოაცხადა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთის მუქარას, სუპერ ლიგის შექმნის დაანონსების შემდეგ, შესაძლოა „ბარსელონას“ ნაკლებად აღელვებდეს ჩემპიონთა ლიგა, რომლის არსებობაც უკვე სერიოზული საფრთხის ქვეშ არის.