სუპერ ლიგა, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

„უეფას მონოპოლია დასრულდა“ - სუპერლიგის კომენტარი და კლუბების პროტესტი

ევროპის სუპერ ლიგის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნდ რაიხარტი ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც FIFA-ს და UEFA-ს წინააღმდეგ იქნა მიღებული.

რას ამბობს რაიხარტი:

ჩვენ მოვიპოვეთ ხელახლა ასპარეზობის უფლება. უეფას მონოპოლია დასრულდა, გილოცავთ. ფეხბურთი უფასო გახდა. კლუბები სანქციების საფრთხისგან გათავისუფლდნენ და საკუთარი მომავლის განსაზღვრა შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ სუპერ ლიგის დამფუძნებლები მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ პრეზიდენტები, ფლორენტინო პერესი და ჟოან ლაპორტა არიან და ამ დროისთვის, პროექტის წევრები ჯერჯერობით მხოლოდ ლა ლიგის ეს ორი უდიდესი გუნდია.

ევროპული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება არაერთი კლუბის მხრიდან. ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლა ლიგის დღევანდელ მატჩებში გუნდები მოედანზე სუპერ ლიგის საწინააღმდეგო მაისურებით გამოვლენ. კომენტარი გაკეთდა ლა ლიგის ოფიციალურ გვერდზეც:

„დღეს, ისე, როგორც არასდროს ვიმეორებთ, რომ სუპერ ლიგა არის ეგოისტური მოდელი, რომელიც ყველა კლუბისთვის დახურულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპულ ფეხბურთს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა ევროპული კლუბების ასოციაციამაც, რომელიც გუნდების ინტერესების გასატარებლად შეიქმნა:

„ევროპული კლუბების ასოციაცია სრულად უჭერს მხარს უეფას, როგორც ევროპული ფეხბურთის მარეგულირებელს და სრულად ეწინააღმდეგება A22-ის მცდელობებს დესტაბილიზაციისკენ.

სუპერ ლიგის პროექტი არის ელიტარული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ძალაუფლებისა და ფინანსური სარგებლის გადასვლას რამდენიმე კლუბის ხელში და ძირს უთხრის ავტორიტეტს“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ წერილში.

ფაქტს გამოეხმაურნენ იტალიაშიც. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის კლუბები, რომლებიც სუპერ ლიგაში გაწევრიანდებიან, სანქციებით დაისჯებიან.

გაბრიელე გრავინამ:

პროცესების განვითარებას დაველოდებით და შედეგებს შემდგომ შევაფასებთ. ჩვენ ვიყავით ერთადერთი ფედერაცია, რომელმაც პროექტის შექმნის პირველივე დღიდან მკაფიო პოზიცია დაიკავა. სუპერ ლიგის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც ვინც ამ პროექტს შეუერთდება, ფედერაციის წევრის სტატუსი შეუჩერდება.

გუნდებს სუპერ ლიგაში შესვლაში ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ იქნება არჩევანი, რომელიც ძალიან მკაფიო უნდა იყოს. სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით 2-3 ტურნირზე თამაში შეუძლებელი და წარმოუდგენელია.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა FIFA-ს და UEFA-ს მიერ კლუბებისთვის სხვა ტურნირებში მონაწილეობაზე აკრძალვა. მათი შეფასებით, ორგანიზაციების გადაწყვეტილება ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რაც კონკურენციის თავისუფლებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერები და 3-მცველიან სქემაზე გადასვლა - დე ლაურენტისი მაცარის შეხვდა
ტრანსფერები და 3-მცველიან სქემაზე გადასვლა - დე ლაურენტისი მაცარის შეხვდა