ევროპის სუპერლიგა | სასამართლომ FIFA და UEFA დამნაშავედ ცნო
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ FIFA და UEFA კონკურენციის საწინააღმდეგო მოქმედებაში დაადანაშაულა. უწყებამ რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ ოფიციალური განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა კონკურენციის კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედეს, როდესაც 2021 წელს ევროპის სუპერლიგის ფორმირების იდეა დაბლოკეს და ახალ ტურნირში გაწევრიანებულ გუნდებს სანქციებით დაემუქრნენ.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს განცხადებაში წერია, რომ FIFA-მ და UEFA-მ სუპერლიგაში გაწევრიანებული გუნდების დისკრიმინაცია მოახდინა.
BREAKING: The European Court of Justice rule that UEFA/FIFA acted against competition law by blocking the formation of the European Super League in 2021. pic.twitter.com/F1puYs2NG8
— Ben Jacobs (@JacobsBen) December 21, 2023
შესაბამისად, ამ გუნდებს შეუძლიათ სუპერლიგა ხელახლა შექმნან. თუმცა, ევროპულ მედიაში ვარაუდობენ, რომ გუნდების ხელმძღვანელები გულშემატკივრების მძაფრი რეაქციის გამო ამ იდეას შესაძლოა, უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდონ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებმა სუპერლიგის შექმნის შესახებ ინფორმაცია 2021 წელს გამოაცხადეს. მაშინ ახალ ტურნირში ევროპის მასშტაბით 12 გუნდი შედიოდა, თუმცა, FIFA-სა და UEFA-ს ძალისხმევის შემდეგ, გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა სუპერლიგიდან გავიდა.
სუპერლიგის მთავარი დამფუძნებელი „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესია, რომელსაც დახმარებას „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ პრეზიდენტებიც უწევენ. ინგლისური და იტალიური გუნდების გასვლის შემდეგ, პერესმა აღნიშნა, რომ სუპერლიგა არ დაშლილა და ამ იდეას ისინი რამდენიმე წელში მაინც განახორციელებდნენ.