ტრანსფერები და 3-მცველიან სქემაზე გადასვლა - დე ლაურენტისი მაცარის შეხვდა
იტალიის თასზე „ნაპოლისა“ და „ფროზინონეს“ (0:4) მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა საწვრთნელ ბაზაზე კლუბის პრეზიდენტი დე ლაურენტისი მივიდა.
აურელიო დე ლაურენტისი კლუბის სპორტულ დირექტორთან მელუზოსთან ერთად იმყოფებოდა და ვალტერ მაცარისთან სერიოზული საუბარიც ჰქონდა.
Areanapoli-ის ცნობით, პრეზიდენტმა მაცარის გარანტიები მოსთხოვა, რომ გუნდი ამ სეზონში სერია A-ს ოთხეულში მოხვდება. სანაცვლოდ კლუბი მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მწვრთნელს რამდენიმე მოთამაშის შეძენის გარანტია მისცეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დე ლაურენტისი შესაძლოა ტაქტიკის შეცვლაზეც დათანხმდეს და მაცარის 3-მცველიანი სქემის გამოყენების საშუალება მიეცეს.
როგორც მოგეხსენებათ, მაცარი მთელი მისი კარიერა 3-5-2-ითა და 3-4-2-1 სქემით თამაშობს. ამჟამად კი „ნაპოლის“ 4-3-3-ით მხოლოდ დე ლაურენტისის მოთხოვნით ათამაშებს.
თუ, ნეაპოლელები სქემას შეცვლიან, კვარაცხელიას თამაში მეორე ფორვარდად მოუწევს, ისევე როგორც ეს საქართველოს ნაკრებში ხდება. ამჯერად, ვიქტორ ოსიმენთან უფრო ახლოს იმოქმედებს.
რაც შეეხება ტრანსფერებს, ნეაპოლელებს დიდი ხანია არგენტინელი ნახევარმცველის ჯოვანი ლო ჩელსოს შეძენა სურთ. ასევე იგეგმება ცენტრალური მცველის ტრანსფერიც. ამ ეტაპზე ზუსტი სახელების არსად დაწერილა.
წამსვლელების შესახებ ასეთი ვითარებაა: მოსალოდნელია, რომ გუნდს ელიფ ელმასი და პიოტრ ზიელინსკი დატოვებენ. მოხდება ეს იანვარში, თუ ივნისში, ამას დრო გვიჩვენებს.
ყველაფერი უახლოეს მატჩებში და იანვრის თვეში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.