„ქართული ღვინო მოაქვს და ამის გამოც მომწონს“ | რა თქვა პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე
„სან ანტონიო სპურსის“ ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. „პოპმა“ ქართველი კალათბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ „მამუ“ თავდაუზოგავად შრომობს.
„სანდრო ყოველთვის იღიმის და სულ ბედნიერია. ის შესანიშნავი თანაგუნდელია. მამუ ყოველი ვარჯიშის შემდეგ, დარბაზში რჩება, ბიჭებთან, რომლებსაც ბევრი დრო არ ეძლევათ, 3X3-ზე თამაშობს და ამის გამო, უკმაყოფილო არასდროსაა.
სანდროს ღვინო უყვარს. ქართული ღვინო მოაქვს ხოლმე და ის ამის გამოც მომწონს. მამუ შესანიშნავი ბიჭია. რამდენჯერმე განვითარების ლიგაში გავუშვით სათამაშოდ და 25-30 ქულა ჩააგდო. სანდრო არასდროს მავიწყდება. უნდა მივცე თუ არა მეტი დრო? საკუთარი ძლიერი მხარეები შენარჩუნებული აქვს და ვნახოთ, მომავალში რა მოხდება“.
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა ბოლო შეხვედრა „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართა და მატჩი 3 ქულით, 8 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. „მამუს“ გუნდის მომდევნო მეტოქე „ჩიკაგო ბულსია“. გეტყვით იმასაც, რომ გრეგ პოპოვიჩი ღვინის სიყვარულითაა ცნობილი და როგორც ჩანს, ქართული ღვინოც ძალიან მოსწონს.