ურთულესი დებიუტი - როდის და ვისთან გამართავს არველაძე თურქეთში პირველ შეხვედრას
52 წლის ქართველი სპეციალისტი, შოთა არველაძე ხვალ „კარაგიუმრუკის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. შოთის სადებიუტო მატჩში მეტოქე არც მეტი, არც ნაკლები, „გალათასარაი“ იქნება, რომელიც ბოლო პერიოდში ბრწყინვალედ გამოიყურება და თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება.
შოთა არველაძეს ურთულესი დებიუტი რომ ელის, ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ „გალათასარაი“ ბოლო 24 მატჩია სუპერლიგაში საშინაო არენაზე არ აგებს. ყვითელ-წითლებმა ბოლოს გასულ სეზონში, „გირესუნსპორთან“ წააგეს, მას შემდეგ კი სუპერლიგაში ჩატარებული 24 შეხვედრიდან 22-ში გაიმარჯვეს და ორჯერ ფრე ითამაშეს. ამასთან, „გალათასარაი“ მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც საშინაო არენაზე ქულები არ დაუკარგავს.
„გალათასარაი“ მიმდინარე სეზონში დაცვაშიც კარგად გამოიყურება. ოკან ბურუკის გუნდმა ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 9 გოლი გაუშვა, რაც გათამაშებაში ყველაზე ცოტა მაჩვენებელია.
რაც შეეხება გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებს, აქამდე, „გალათასარაი“ და „კარაგიუმრუკი“ ერთმანეთს 18-ჯერ შეხვდნენ. 11 შეხვედრაში გამარჯვება ყვითელ-წითლებმა მოიპოვეს, ორჯერ „კარაგიუმრუკმა“ მოიგო, ორი მატჩიც კი ფრედ დასრულდა. გასულ სეზონში, გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. „გალათასარაიმ“ საკუთარ მოედანზე 2:0 გაიმარჯვა, კარაგიუმრუკში გამართული მატჩი კი ფრედ, 3:3 დასრულდა.
ურთიერთშეხვედრების ისტორია შოთა არველაძეს და ოკან ბურუკსაც აქვთ. ქართველი და თურქი სპეციალისტები აქამდე ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან და ორ შეხვედრაში გამარჯვება შოთა არველაძეს დარჩა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.
შოთა არველაძე „კარაგიუმრუკს“ სათავეში გასული კვირის დასაწყისში ჩაუდგა. მისი ახალი გუნდი თურქეთის სუპერლიგაში 15 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ „გალათასარაისა“ და „კარაგიუმრუკის“ დაპირისპირება 20 დეკემბერს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.