„ეს ბრძოლა აღარაფერს მომიტანს“ | ემეტს ჭიკაძესთან ჩხუბი აღარ უნდა
UFC-ის ქართველ მებრძოლს, გიგა ჭიკაძეს ჯოშ ემეტის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარი თქვა. „ნინძა“ ბრაის მიტჩელმა ჩაანაცვლა, ვინც ემეტმა ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა.
მიტჩელისა და ემეტის ბრძოლამდე, ჭიკაძემ სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მზადაა, ჯოშს 2024 წელს დაუპირისპირდეს. გიგას ვიდეოს ემეტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნინძასთან“ ჩხუბი მის სამომავლო გეგმებში არ შედის.
„ჭიკაძესთან ჩხუბს წარსულში ვტოვებ და მინდა, ქამრისთვის ბრძოლას დავუბრუნდე. რეიტინგში ჩემზე დაბლა მყოფ მებრძოლებთან ჩხუბი დიდი რისკია, რომელსაც დიდი ჯილდო ნამდვილად არ მოჰყვება და ასეთი ბრძოლები არაფერს მომიტანს. მინდა, ჩემი მომდევნო მეტოქე იყოს მებრძოლი, ვისთანაც გამარჯვების შემთხვევაში, საჩემპიონო რბოლას დავუბრუნდები. ჩემში ახალმა ცეცხლმა გაიღვიძა და მინდა, წინ ვიარო“.
ცნობისთვის, ჯოშ ემეტი რეიტინგში მე-6 ნომერი გახლავთ, გიგა კი მე-8 პოზიციას იკავებს. ბრაის მიტჩელის დანოკაუტების შემდეგ, მის სავარაუდო მეტოქეებად ბრაიან ორტეგა და მაქს ჰოლოუეი დაასახელეს.