ნაპოლი VS ფროზინონე | იქნებიან თუ არა კვარაცხელია და კვერნაძე სასტარტოში
დღეს, იტალიის თასის 1/8 ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.
ბუნებრივია, ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს ითამაშებენ თუ არა ქართველი ფეხბურთელები დღევანდელ შეხვედრაში. ამასთან დაკავშირებით, ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი წერს და გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს განიხილავს.
სააგენტო სანდრო წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ვალტერ მაცარი დღევანდელ შეხვედრაში გუნდის ლიდერებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს მცირედით დასვენების შესაძლებლობას მისცემს. ქართველი და ნიგერიელი ფეხბურთელები „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებიან, თუმცა, მატჩის განაცხადში მაინც არიან შეყვანილნი და შეხვედრას სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყებენ, თამაშში კი საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან.
კვარას და ოსიმენის გარდა, ვალტერ მაცარი სასტარტო შემადგენლობაში კიდევ 7 ცვლილებას განახორციელებს: მერეტის ნაცვლად კარში გოლინი იდგება. დაცვის ხაზში დასვენების შესაძლებლობა დი ლორენცოს, რაჰმანის და ჟუან ჟეზუსს მიეცემათ, ხაზი კი ასე დაკომპლექტდება: ძანოლი, ოსტიგორი, ნათანი, მარიო რუი. ნახევარდაცვაში დაისვენებენ ზამბო ანგისა და ჟიელინსკი, მათ ადგილებს კი გაეტანო და კაიუსტე დაიკავებენ, მესამე ნახევარმცველი კი ლობოტკა, ან დემე იქნება. შეტევაში კი პოზიციებს რასპადორი, ლინდსტრომი და სიმეონე გადაინაწილებენ.
რაც შეეხება გიორგი კვერნაძეს, გამოცემა წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი პირველივე წუთებიდან „ფროზინონეს“ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ფროზინონეს“ შორის, „კოპა იტალიას“ 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი დღეს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება. საგულისხმოა, რომ თასის ამ ეტაპზე დუელი ერთმატჩიანია და 1/4 ფინალის საგზურს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებული მოიპოვებს.