„ვოლკი ბრწყინვალე მებრძოლია, მაგრამ ჩემთვის მზად არაა“ | თოფურია Marca-ს გარეკანზე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ავტორიტეტულ ესპანურ გაზეთს, Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მისი დღევანდელი ნომრის გარეკანზეც მოხვდა. „ელ მატადორმა“ ბევრ თემაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მალე UFC-ის ჩემპიონი გახდება.
???? #LaPortada
— MARCA (@marca) December 18, 2023
????️ "Seré campeón del Mundo en febrero"
✍️ La entrevista a @Topuriailia con motivo del ????️ CALENDARIO DE ADVIENTO de MARCA protagoniza nuestra primera de este martes pic.twitter.com/ejEauC3PRU
როგორ გრძნობს თავს
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მადლიერი ვარ შანსისთვის, რომელსაც 17 თებერვალს მივიღებ და ჩხუბს მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდები“.
მომდევნო მეტოქეზე, ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე
„ამ მომენტისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ვემზადებოდი და სულერთია, 17 თებერვალს ჩემი მეტოქე ვინ იქნება, რადგან შედეგი არ შეიცვლება. მთელი ცხოვრება ამ მომენტისთვის ვემზადებოდი და ჩემი წარმატება გარდაუვალია. ეჭვი არაფერში მეპარება და ისე მჯერა, როგორც არასდროს, რომ UFC-ის ჩემპიონი გავხდები“.
როგორი მებრძოლია ალექსანდრ ვოლკანოვსკი
„ალექსანდრ ვოლკანოვსკი შესანიშნავია მებრძოლია. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და Pound for Pound რეიტინგში წამყვანი პოზიცია ტყუილად არ უკავია. ალექსი კარგი ადამიანია და სუპერ ათლეტია, ეს კი სიამაყის საფუძველს მაძლევს, რადგან 17 თებერვალს ლეგენდას დავამარცხებ. ვოლკანოვსკი არის მებრძოლი, რომელსაც ბრწყინვალე უნარები აქვს, მაგრამ არაა მზად იმისთვის, რასთან გამკლავებაც მოუწევს“.
რაში დაეხმარება ვოლკანოვსკის მიერ ისლამ მახაჩევთან გამართული ორი ჩხუბი
„მებრძოლი რაც უფრო ბევრ ჩხუბს მართავს, მით მეტი მასალა გაქვს ანალიზის გასაკეთებლად. რა თქმა უნდა, მახაჩევთან გამართული ორი ბრძოლა დამეხმარება, რომ ალექსი უკეთ შევისწავლო, რადგან ყველაზე რთულ მდგომარეობაში ისლამმა ჩააგდო. ასევე, ამ ორი ბრძოლის წყალობით, ხვდები და იჯერებ, რომ ვოლკანოვსკიც ჩვეულებრივი ადამიანია და მისთვის ტკივილის მიყენება და მისი დანოკაუტება შესაძლებელია“.
ვოლკანოვსკის განცხადება, რომ აპირებს, ილიას თავმდაბლობა ასწავლოს და გაკვეთილი ჩაუტაროს
„ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, რაც მაქვს გახლავთ ის, რომ არ მაინტერესებს, სხვები რას ამბობენ და როგორ კომენტარებს აკეთებენ. ალექსი ამბობს, რომ თავმდაბლობაში გაკვეთილს ჩამიტარებს და მასწავლებლის როლს შეითავსებს. ბევრი მებრძოლი დამინოკაუტებია, რომლებმაც მასწავლებლის როლის შეთავსება და ჩემთვის გაკვეთილის ჩატარება სცადეს და ვოლკანოვსკი კიდევ ერთი მათგანი იქნება“.
მენტალიტეტი
„მენტალიტეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი მომენტის მიღებასა და წარმატების მიღწევას თავდაუზოგავი შრომა და უამრავი მსხვერპლის გაღება სჭირდება. ძლიერი მენტალიტეტი სახლში, დივანზე ჯდომით არ მოდის. მენტალიტეტი გიყალიბდება, როცა ცდას არ აკლებ და რაც საჭიროა, იმას აკეთებ. მენტალიტეტი გიუმჯობესდება, როცა ყოველდღიურად პროგრესირებ და სიზარმაცეს არ ავლენ. მოტივაცია საჭირო საერთოდ არაა. ვარჯიში უნდა დაიწყო და რამდენიმე წუთში შთაგონება და მოტივაციაც გაგიჩნდება“.
ბრძოლა სანტიაგო ბერნაბეუზე
„რა თქმა უნდა, სანტიაგო ბერნაბეუზე ბრძოლის გამართვას ვისურვებდი. საუბარი გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სტადიონზე, რომელსაც ლეგენდარული მატჩებისთვის და ლეგენდარული ფეხბურთელებისთვის უმასპინძლია. თუ ესპანეთში ჩხუბის უფლება მივიღე, სანტიაგო ბერნაბეუს ავირჩევ, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება“.
მთავარი იარაღი
„ჩემი მთავარი იარაღი არის ის, რომ სუპერ სრულყოფილი მებრძოლი ვარ და ყველგან შემიძლია ჩხუბი. შემიძლია, დგომში ვიჩხუბო, ვიჭიდაო ან მეტოქე პარტერში გადავიყვანო. ეს უდიდესი პლუსია”.
მემკვიდრეობა
„ჩემთვის მთავარია, სხვებს შთავაგონო, თავიანთი თავის საუკეთესო ვერსია იყვნენ. არ ვაპირებ, თავი მოგაჩვენოთ, თითქოს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ვარ. ეს დრომ უნდა გვაჩვენოს და ბედნიერი ვიქნები თუ ჯონ ჯონსის, ხაბიბ ნურმაგომედოვის, კონორ მაკგრეგორის, ჟორჟ სენ-პიერისა და მათი მსგავსი მებრძოლების გვერდით მახსენებენ. მადლიერი ვარ შანსის, რომელიც მომეცა. ყოველდღე, როცა ვიღვიძებ და დაღლილობას ვგრძნობ ან ჩემი გონება მეუბნება, რომ უნდა დავისვენო, ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან, საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან და ყველაფერს გაიღებდნენ, რომ ჩემს ადგილას ყოფილიყვნენ. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია, მადლიერების გრძნობა არ მქონდეს. ყოველი დღე შანსია და მომენტის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს, ანაჰაიმში გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილის იჩხუბებს, რომლის მეტოქეც ჰენრი სეხუდო იქნება.