ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

განსაკუთრებული ბიჭია - მაცარიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ'' „დიეგო მარადონაზე'' „კალიარი'' 2:1 დაამარცხა. ანგარიში 69-ე წუთზე კვარაცხელია-რუი-ოსიმენის კომბინაციით გაიხსნა, ნიგერიელის გოლს 72-ე წუთზე პავოლეტიმ უპასუხა - 1:1. გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, საგოლე პასი ვიქტორ ოსიმენის აქტივშია, რომელმაც საოცრად ითამაშა, მეტოქის მცველებს აჯობა და ქართველის მისამართით გადაცემა შეასრულა. ხვიჩას დარტყმისას ბურთი ჯერ კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი კარის ბადეში აღმოჩნდა.

ვალტერ მაცარი: „რუის დაბრუნება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან ამ სისტემით თამაშისას ფლანგის ფეხბურთელები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. კვარა მარცხენა მცველის არყოფნას განიცდიდა, ამის გამო უფრო დიდ ენერგიას ხარჯავდა. აქედან გამომდინარე, რუის დაბრუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ოსიმენისა და კვარას გოლებით ბედნიერი ვარ, რადგან ნერვიულობა ეტყობოდათ. მათ გადამწყვეტი ფიგურის როლში დაბრუნება სჭირდებოდათ, როგორც ეს გასულ სეზონში იყო.

როცა კვარაცხელია „ნაპოლიში’’ გადმოვიდა, მას არავინ იცნობდა, თუმცა თავი დაიმკვიდრა და ახლა ყველას თვალი მისკენაა მიმართული, რაც ცხადია მის მიმართ წნეხს აჩენს, კვარა ამას გრძნობს. როგორც მე, ასევე ჩემი ასისტენტები ვზრუნავთ, რომ მან თავი უფრო მშვიდად იგრძნოს. დღეს ბრწყინვალე გოლი გაიტანა, განსაკუთრებული ბიჭია. მჯერა, გუნდს სარგებელს კიდევ არაერთხელ მოუტანს’’.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

„ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 16-დან 8 შეხვედრა მოიგო, 3 მატჩი ფრედ დაასრულა, 5 თამაში დათმო. ამ მომენტში „ნაპოლი'' 27 ქულით მე-4 ადგილზეა, თუმცა თუ კონკურენტი „რომა'' ან „ბოლონია'' მიმდინარე ტურში გაიმარჯვებს, ნეაპოლური კლუბი ოთხეულს მიღმა აღმოჩნდება. „ნაპოლი'' შემდეგ მატჩს „რომასთან'' სტუმრად გამართავს (23 დეკემბერი, 23:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები