ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, კლაუდიო რანიერი
Aa
Aa

ჩემპიონებმა რაღაც განსაკუთრებული შექმნეს - რანიერი კვარასა და ოსიმენზე

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ'' „დიეგო მარადონაზე'' „კალიარი'' 2:1 დაამარცხა. ანგარიში 69-ე წუთზე კვარაცხელია-რუი-ოსიმენის კომბინაციით გაიხსნა, ნიგერიელის გოლს 72-ე წუთზე პავოლეტიმ უპასუხა - 1:1. გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, საგოლე პასი ვიქტორ ოსიმენის აქტივშია, რომელმაც საოცრად ითამაშა, მეტოქის მცველებს აჯობა და ქართველის მისამართით გადაცემა შეასრულა. ხვიჩას დარტყმისას ბურთი ჯერ კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი კარის ბადეში აღმოჩნდა.

კლაუდიო რანიერი: „არ შემიძლია მეორე გაშვებული გოლი ჩემს ფეხბურთელებს დავაბრალო, რადგან ოსიმენისა და კვარაცხელიას დონის ჩემპიონები რაღაც განსაკუთრებულს ქმნიან. მათ კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ, უნდა შევაქოთ. საწყენია, როცა ამ მატჩში შესაძლებლობებს საუკეთესოდ ვავლენდით, მათ 2 გოლი გაგვიტანეს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ჩემი გუნდი იზრდება და პროგრესირებს’’.

Tuttomercatoweb: „ეს მისი საღამო იყო, პირველივე წუთიდან ბრწყინავდა,  შემდეგ თითქოს კვლავ სასოწარკვეთაში ჩავარდა, რაც ბოლო პერიოდში ახასიათებდა, თუმცა მისი მარჯვენა ფეხი ყველაფერს უმკლავდება. „მარადონაზე’’ თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ შეაგდო’’.

CalcioNapoli1926: „დაბრუნდა! პირველი გოლის შექმნაშიც მონაწილეობდა, გამარჯვების გოლიც გაიტანა. უფრო მშვიდი და თავისუფალი იყო’’.

„ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 16-დან 8 შეხვედრა მოიგო, 3 მატჩი ფრედ დაასრულა, 5 თამაში დათმო. ამ მომენტში „ნაპოლი'' 27 ქულით მე-4 ადგილზეა, თუმცა თუ კონკურენტი „რომა'' ან „ბოლონია'' მიმდინარე ტურში გაიმარჯვებს, ნეაპოლური კლუბი ოთხეულს მიღმა აღმოჩნდება. „ნაპოლი'' შემდეგ მატჩს „რომასთან'' სტუმრად გამართავს (23 დეკემბერი, 23:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები