მორიგი მაგარი მატჩი - ბითაძის ორმაგი დუბლი ბოსტონთან
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ბოსტონს“ ესტუმრა და 111:128 დამარცხდა.
გოგამ ლიგაში მორიგი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბითაძე სასტარტოში იყო და ჯამში 27 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 15 ქულა, 11 მოხსნა და 1 გადაცემა იყო. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი შეტევაში 5-ჯერ მოხსნა, დაცვაში კი 6-ჯერ.
აღსანიშნავია, რომ ეს გოგასთვის მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 ორმაგი დუბლი იყო.
რაც შეეხება შეხვედრას, მასპინძლები უპირატესობას პირველივე წუთებიდანვე ფლობდნენ და პირველი სამი მეოთხედის მოგებაც შეძლეს, რამაც შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა.
„ბოსტონს“ 30 ქულით ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა.
18-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“, რომელმაც „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ 125:115 მოუგო.
მამუკელაშვილმა 2 წუთი ითამაშა და ერთი სამქულიანის ჩაგდება შეძლო.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 მოგებითა და 8 მარცხით მე-4 პოზიციაზეა. „სან ანტონიო“ კი დასავლეთში 4 მოგებითა და 20 მარცხით ბოლო ადგილზეა.