ისტორიული გამარჯვება | შავმა ლომმა სკარლეტსს უელსში მოუგო
ჩელენჯ თასის გათამაშები მეორე ტურში „შავი ლომი“ უელსის ქალაქ ჰლანეჰლიში „სკარლეტს“ დაუპირისპირდა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – 23:7.
თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ცუდად დაწყო, „სკარლეტსმა“ ლელო მესამე წუთზე დადო, რასაც ისიც დაემატა, რომ არბიტრმა სანდრო მამამთავრიშვილი 10 წუთით გააძევა. პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან „შავმა ლომმა“ თამაში გამოასწორა – ჯერ ლუკა მატკავამ ჯარიმით ანგარიში შეამცირა, ტაიმის ბოლოს კი ქართველების შეტევა მირიან მოდებაძემ ლელოთი დააგვირგვინა, რომელიც მატკავამ ზუსტად გარდასახა და პირველი ნახევარი „შავმა ლომმა“ 10:7 მოიგო.
მეორე ტაიმშიც პირველი ქულები „შავმა ლომმა“ მოიპოვა – ლუკა მატკავამ ჯარიმით კიდევ უფრო დააწინაურა თავისი გუნდი. რამდენიმე წუთში კი ბექა მამრიკიშვილმა ამ შეხვედრაში მეორე ლელო დადო, მატკავა გარდასახვისას ზუსტი იყო და სხვაობა სოლიდური გახდა – 20:7.
აქედან მოყოლებული „შავ ლომს“ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია, ქართველები თამაშსაც კარგად აკონტროლებდნენ და საბოლოოდ, ჩელენჯ თასზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს 23:7.
მესამე ტურის შეხვედრას „შავი ლომი“ უკვე 2024 წლის 13 იანვარს საფრანგეთში სტუმრად „კასტრის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მანამდე კი წლის ბოლო შეხვედრას 22 დეკემბერს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გამართავს – რაგბი ევროპის სუპერთსის ფინალში „თელ ავივ ჰითს“ შეხვდება, ტურნირის ზედიზედ მეოთხედ მოგებას და წლის ტიტულით დასრულებას შეეცდება.
წყარო: 1tv.ge