ბრწყინვალე მეორე და მესამე რაუნდი | ბორენა ცერცვაძის გამარჯვება GFC 25-ზე
MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, ბორენა ცერცვაძემ GFC 25-ის ეგიდით იჩხუბა და დარია მიხეევას დაუპირისპირდა, რომელსაც კარიერაში 2-დან 2 გამარჯვება ჰქონდა. ცერცვაძემ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და ყირგიზ მეტოქეს, რომელიც რუსეთშია დაბადებული, დამაჯერებლად სძლია.
ჩხუბის სტარტზე, მებრძოლები ერთმანეთს ზვერავდნენ და სუსტი წერტილების შემჩნევას ცდილობდნენ. საწყის 5 წუთში, მცირე უპირატესობა მიხეევას მხარეს იყო და ბრძოლა დგომში წარიმართა, რაც აშკარად ხელს დარიას აძლევდა.
მეორე რაუნდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ცერცვაძემ თეიქდაუნი განახორციელა და პარტერში ბრწყინვალედ იმუშავა. ბორენამ მეტოქეს მტკივნეული დარტყმები მიაყენა, ფენომენალური გრაუნდ ენდ ფაუნდი აჩვენა და მთელი რაუნდის განმავლობაში დომინირებდა. მესამე რაუნდში ბორენამ კიდევ ერთი თეიქდაუნი შეასრულა, მეტოქეს წამოდგომის საშუალება არ მისცა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.
ცნობისთვის, ბორენას ანგარიშზე 4 გამარჯვება და 0 მარცხია. მან მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე პირველად მიიყვანა, თუმცა, გამარჯვებულის ვინაობასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია.