ექსპერიმენტები დასრულდა - ჩავის არაუხოს ფლანგზე გამოყენებას უკრძალავენ
ბოლო დროს, „ბარსელონაში“ შიდასამზარეულოდან სულ უფრო მეტი ინფორმაცია გამოდის. გუნდის არადამაჯერებელი თამაში ამ ყველაფრის განმაპირობებელი ფაქტორია.
უკვე დაიწერა, რომ „ჟირონასთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ ჩავის ფეხბურთელების დასვენების უფლება არ მისცა. „ბლაუგრანას“ ბორდისთვის ასე ჩაგდებული შეხვედრების შემდეგ, დამატებითი დასვენების დღეები მიუღებელია.
ამჯერად, საქმე რონალდ არაუხოს სათამაშო პოზიციას ეხება. კლუბის მმართველი საბჭო ჩავის ექსპერიმენტებით დაიღალა და მწვრთნელს ამის კეთება აუკრძალა. ურუგვაელმა მცველმა ფლანგზე აღარ უნდა ითამაშოს. მისი ადგილი დაცვის ცენტრშია.
„ბარსელონაში“ არაუხოს საუკეთესო ცენტრალურ მცველად თვლიან და მისი ხილვა სწორედ ცენტრში სურთ და არა ფლანგზე, სადაც ჩავის ჟოაო კანსელუ უყიდეს, რომელსაც ბოლო დროს მარცხენა ფლანგზე უფრო ხშირად ათამაშებს, ვიდრე მარჯვნივ.
ამრიგად, ჩავის ექსპერიმენტები დასრულდა და მწვრთნელს კლუბის ბოსების მოსმენა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ისედაც შერყეული სტატუსი, კიდევ უფრო მოირყევა.