დე იონგმა ლიგაზე გაციების გამო არ ითამაშა - დეკუ თვლის, რომ ის ცრუობს
„ბარსელონაში“ მიაჩნიათ, რომ ფრენკი დე იონგი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ მოატყუა.
„ბარსა“ ლიგის ბოლო ტურში „ანტვერპენთან“ სტუმრად 2:3 დამარცხდა. მატჩამდე ჩავის რამდენიმე ლიდერის დასვენება სურდა, თუმცა პრეზიდენტმა ლაპორტამ მას აიძულა, რომ საბრძოლო შემადგენლობით ეთამაშათ, რადგან ამ შეხვედრის მოგებისთვის კლუბი უეფასგან 2.8 მილიონ ევროს მიიღებდა.
როგორც ჟურნალისტმა მარიუს კაროლმა (RAC1) თქვა, ანტვერპენში გაფრენამდე „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ დე იონგს დაურეკა და მას გუნდთან ერთად არყოფნის გამო უსაყვედურა.
ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა უპასუხა, რომ ავად იყო, რაზეც პორტუგალიელმა თქვა: „რას გულისხმობთ „ავად“? გაქვთ ექიმისგან დასტური?“
დე იონგმა თქვა, რომ სიცხე ჰქონდა, მაგრამ დეკუმ არ დაუჯერა. „ის თვლის, რომ ეს საბაბია”, - ხაზგასმით აღნიშნა კაროლმა.
ამავდროულად, ფეხბურთელის აგენტმა ალი დურსუნმა უარყო ინფორმაცია რაიმე უთანხმოების შესახებ:
„ეს არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც ბოლო დროს ფრენკის შესახებ გავრცელდა. ფეხბურთელი უბრალოდ ავად გახდა, სიცხე ჰქონდა, ფრენა და თამაში არ შეეძლო. ეს ბიჭი პროფესიონალია. ტელეფონზე არც ყვირილი იყო, არც კითხვები. ყველაფერი არასწორად არის წარმოდგენილი, დეკუსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს“.
ბოლო დროს, გუნდის სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა აირია. გარედან ყველაფერს უარყოფენ, თუმცა „ბარსას“ მიერ ნაჩვენები არასახარბიელო თამაში შიდასამზარეულოში სიტუაციას აფუჭებს.