უხელფასოდ ვერ ვითამაშებ - გველესიანმა შესაძლოა ირანის ჩემპიონი დატოვოს
ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით „პერსეპოლისის’’ ფეხბურთელი გიორგი გველესიანი შესაძლოა ყოფილ კლუბში, ისპაჰანის „სეპაჰანში’’ დაბრუნდეს. ამ თემაზე ქართველ ფეხბურთელს ირანელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს. გველესიანის კომენტარიდან ასევე ვიგებთ, რომ მის ამჟამინდელ კლუბში ფინანსური პრობლემებია.
გიორგი გველესიანი: „მე მხოლოდ ჩემს კლუბზე შემიძლია საუბარი. „პერსეპოლისის’’ წევრი ვარ და „პერსეპოლისი’’ ჩემს გულშია. ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლოა, ხვალ ფეხბურთს თავიც დავანებო. ფეხბურთი ის სპორტია, სადაც არასდროს იცი რა მოხდება ხვალ.
ახლა ამ გუნდის წევრი ვარ, გუნდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, „პერსეპოლისის’’ წინაშე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ ჩემს ოჯახს ფინანსები სჭირდება, ხელფასის გარეშე მუშაობა არ შემიძლია’’.
გიორგი გველესიანი „სეპაჰანში'' 2019-22 წლებში თამაშობდა, 2020-21 წლების სეზონში ირანის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 2022 წლის ზაფხულში „პერსეპოლისს'' შეუერთდა, გასულ სეზონში ირანის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.
გასულ ზაფხულში ვილი სანიოლმა გველესიანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა კვიპროსთან და შოტლანდიასთან არ ათამაშა. მას შემდეგ ფრანგ სპეციალისტს გველესიანი ნაკრებში აღარ მიუწვევია.
ამ სეზონში გველესიანმა „პერსეპოლისის'' რიგებში საერთო ჯამში 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.