„როცა დამანოკდაუნა, ტრიბუნებზე ეროვნული დღესასწაული იყო“ | ილია ჰერბერტთან ჩხუბზე
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია Wall Street Wolverine-ის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ საინტერესო თემებზე ისაუბრა და ინგლისში, ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა გაიხსენა, რომელშიც ნოკდაუნში აღმოჩნდა.
„რა შეგრძნება იყო სახეში ფეხით განხორციელებული დარტყმის მიღება? საშინელი შეგრძნება იყო. ნოკდაუნში აღმოვჩნდი, მაგრამ გონება არ დამიკარგავს და ვიდეოს რომ უყუროთ, ნახავთ, რომ ბრძოლაში სწრაფად დავბრუნდი. მინახავს მებრძოლები, რომლებმაც იგივე დარტყმა მიიღეს და ნოკაუტში აღმოჩნდნენ. იმ დღეს, უფალს სხვა გეგმები ჰქონდა და ნოკაუტის თავიდან არიდების გარდა, მეტოქეც დავაფინიშე.
მახსოვს, ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო იყო და მაყურებლებისგან უდიდესი ენერგია მოდიოდა. ჩვენი ბრძოლა ინგლისში გაიმართა და ჩხუბამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, პედი პიმბლეტთან სიტყვიერი დაპირისპირება მომივიდა. ამის გამო, ყველას ვეზიზღებოდი და მისტვენდნენ კიდეც. როცა ჯაიმ სახეში ფეხი მომარტყა, ტრიბუნებზე ეროვნული დღესასწაული იყო, შემდეგ კი სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. პიმბლეტს რაც შეეხება, ჩვენს უნარებსა და ნიჭს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და ჯერ ჩემს დონეზე არაა“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას ტიტულისთვის გამართავს. „ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ჩხუბი 2024 წლის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს), UFC 298-ზე გაიმართება. დენა უაითის ინფორმაციით, ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს.