„შთამბეჭდავი რეფლექსები აქვს“ | რას წერს ბრიტანული გამოცემა მამარდაზე
ბრიტანულ პრესაში „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირეს. TeamTalk-ის ცნობით, „წითელი ეშმაკები“ „მამარდას“ გადაბირებას ეცდებიან და მას ანდრე ონანას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ბევრი შეცდომა დაუშვა. TeamTalk-ის ინფორმაციას გამოეხმაურა ცნობილი ბრიტანული ვებგვერდი Football Talk-ი და „ღამურების“ გოლკიპერი დაახასიათა.
„შთამბეჭდავი რეფლექსებისა და ოსტატური უნარების წყალობით, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე სწრაფად გახდა. მამარდაშვილი მნიშვნელოვანი სეივების შესრულებითაა სახელგანთქმული, განსაკუთრებით, როცა ბურთი დაბალ კუთხეში მიდის. მეტოქის სტანდარტულებისას კი თავდაჯერებულად მოქმედებს და ბურთს ეფექტურად ანაწილებს.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მამარდაშვილი მრავალმხრივ მეკარედ ითვლება, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს. უცხოური კლუბების ინტერესი ნიშნავს, რომ ტრანსფერის ალბათობა მაღალია და შესაძლოა, მისი ფასი განახევრდეს თუ ვალენსია გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება.
ანდრე ონანას ცუდ ასპარეზობას თუ გავითვალისწინებთ, არის შანსი, მამარდაშვილი მანჩესტერისთვის სერიოზულ კანდიდატად იქცეს და იუნაიტედმა გუნდში მოიყვანოს ტოპ კლასის მეკარე, რომელიც სულ რაღაც 22 წლისაა. არის შანსი, პერსპექტიული ფეხბურთელის პოტენციალი მანჩესტერის კარში არსებული პრობლემების პასუხი აღმოჩნდეს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც 16 დეკემბერს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.