სავარაუდო მეტოქეები - ვის შეიძლება შეხვდეს ნაპოლი 1/8 ფინალში
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პლეი-ოფში მოთამაშე ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა. 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა ორშაბათს გაიმართება, სადაც გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ დაწყვილდებიან, თუმცა, ქართველ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიას გამო ყველაზე მეტად ალბათ, „ნაპოლის“ მეტოქის ვინაობა აინტერესებს.
როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლიმ“ C ჯგუფში 10 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, მეტოქეები კი მადრიდის „რეალი“, „ბრაგა“ და „იუნიონ ბერლინი იყვნენ“, პლეი-ოფში კი პირველ ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფის საწყის სტადიაზე ძველებური შეზღუდვა მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, 1/8 ფინალში გასული გუნდი თავის ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ და თანამემამულე გუნდს ვერ შეხვდება, ასეთი შეზღუდვა კი მხოლოდ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ იქნება, რადგან იტალიური გუნდებიდან პირველი ადგილი ვერცერთმა კლუბმა დაიკავა.
აქედან გამომდინარე, „ნაპოლის“ სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობა 7 გუნდს შეადგენს. ესენი არიან: მიუნხენის „ბაიერნი“, „არსენალი“, „რეალ სოსიედადი“, მადრიდის „ატლეტიკო“, „ბორუსია დორტმუნდი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა 18 დეკემბერს, საქართველოს დროით 15:00 საათზე გაიმართება.