ნაპოლი მერვედფინალშია - ხვიჩამ ბრაგასთან შეუცვლელად ითამაშა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „ნაპოლიმ'' „დიეგო მარადონაზე'' „ბრაგა'' 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ამ ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში ბერლინის „უნიონი'' შინ მადრიდის „რეალთან'' 2:3 დამარცხდა. „სამეფო კლუბი'' 18 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, „ნაპოლი'' - 10 ქულით მეორე პოზიციაზე, „ბრაგას'' აქტივში 4 ქულაა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო ბერლინის „უნიონმა'' ევროსეზონი 2 ქულით დაასრულა.
ნეაპოლში ანგარიში მე-9 წუთზე „ბრაგას'' ცენტრალური მცველის, სერდარის ავტოგოლით გაიხსნა. მეორე გოლი 33-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა შეაგდო.
„ნაპოლის'' ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. 73-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა.
83-ე წუთზე ხვიჩას წინააღმდეგ თამაშის წესი ჟო მენდეშმა დაარღვია და ყვითელი ბარათი მიიღო.
Whoscored-მა ხვიჩას 7,41 დაუწერა და მხოლოდ სამ თანაგუნდელს ჩამორჩა. მასზე უკეთესი შეფასება ნათანმა (8,30), ოსიმენმა (7,9) და მერეტმა (7,59) მიიღეს.
ხვიჩას სტატისტიკა
ბურთთან შეხება: 63. 35-დან 29 პასი ზუსტად შეასრულა. მის აქტივში 2 საკვანძო გადაცემაა. მინდორზე 15-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო. დრიბლინგის 11 მცდელობიდან 4 წარმატებული იყო. კარისკენ ერთხელ დაარტყა (ზუსტად). გოლის გატანის ერთი რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები ბრაგასთან
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე ტურში სასტარტოში ითამაშა, ამ მატჩებში მის აქტივში გოლი არაა, ერთადერთი საგოლე პასი ბერლინის „უნიონთან'' გასვლით შეხვედრაში შეასრულა.