“ამ ყველაფერმა რწმენა დამიბრუნა“ - მაგუაერი თავის პროგრესზე
მიმდინარე სეზონის დაწყების წინ აქტიურად იყო საუბარი, რომ ჰარი მაგუაერი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებდა. მეტიც, მას კაპიტნის სამკლავურიც კი ჩამოართვეს, თუმცა რამდენიმე თვეში ყველაფერი შეიცვალა.
ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა სასურველი ფორმა აღიდგინა და მაღალ დონეზე დაიწყო თამაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჰარიმ ინგლისურ მედიასთან ისაუბრა.
რა თქვა მაგუაერმა?
„15-წლიანი კარიერა არ არსებობს ისე, რომ სათადარიგოთა სკამზე არ იჯდე. გასულ სეზონში პირველად მოხდა ასე და ბევრი ვინერვიულე. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ბევრ რამეს შევცვლიდი. ნებისმიერ შემთხვევაში, მე გუნდისთვის სასარგებლო უნდა ვყოფილიყავი, თუნდაც მოედანს გარეთ, რადგან მე ამ კლუბის ნაწილი ვარ და მინდა წარმატებას მივაღწიოთ. ბევრი ვიმუშავე, ინტენსივობა შევინარჩუნე და დარწმუნებული ვიყავი შანსი მომეცემოდა. შანსი მომეცა და მზად ვარ გამოვიყენო.
გულშემატკივრების მხარდაჭერა საოცარი იყო. მას შემდეგ, რაც დავბრუნდი უდიდესი სიყვარული მივიღე და ბედნიერი ვარ. ამ ყველაფერმა კი ჩემი თავდაჯერება გაზარდა. საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნე და ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ.“
შეგახსენებთ, რომ მაგუაერი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2019 წელს 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ჰარიმ „წითელი ეშმაკების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 191-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.