„ეს ძალიან მჭირდებოდა“ | მამუკელაშვილი G ლიგაში გამართულ მატჩზე
„სან ანტონიო სპურსის“ კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა San Antonio Express-News-ს ინტერვიუ მისცა. „მამუმ“ NBA-ის G ლიგაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი მატჩის ჩატარება ძალიან სჭირდებოდა.
„G ლიგაში თამაში დაუჯერებელი გამოცდილება იყო და ეს ნამდვილად მჭირდებოდა. ამ მომენტისთვის, NBA-ში ბევრი სათამაშო დრო არ მეძლევა და პარკეტზე გასვლა, რიტმისა და თვითრწმენის დაბრუნება და ნახვა, რა ეტაპზე ვიმყოფები, მნიშვნელოვანი გახლდათ. ეს ორგანიზაცია და გუნდი ძალიან მიყვარს. ზოგჯერ, მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ აუცილებელია ყოველთვის მზად და მოტივირებული იყო და თავდაუზოგავად იმუშაო.
მარტივი არაა, როცა G ლიგაში 30 წუთის სათამაშოდ მიდიხარ. იქ არიან კალათბურთელები, რომლებიც მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს აკეთებენ და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რადგან საშუალება მომცეს, ჩემი კალათბურთი მეთამაშა“.
San Antonio Express-News-მა „სპურსის“ ლეგენდარული მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის მოკლე კომენტარიც გაავრცელა და „პოპმა“ „მამუ“ შეაქო: „მომწონს, როგორც თამაშობს. ბევრი წუთი არ ეძლევა, მაგრამ ისე მოძრაობს, როგორც ჩვენი გუნდის სხვა კალათბურთელები“.
შეგახსენებთ, რომ NBA-ის განვითარების ლიგაში გამართულ შეხვედრაში მამუკელაშვილმა 34 ქულა და 22 მოხსნა მიითვალა. სანდრომ 13-დან 5 სამქულიანი, 11-დან 7 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.