მამუკელაშვილს 3 წუთი დაუთმეს | სან ანტონიომ 82 ქულა ჩააგდო და ისევ წააგო
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსის“ წარუმატებელი სერია გრძელდება. ლეგენდარული მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ზედიზედ მე-17 შეხვედრა წააგო და ამჯერად „ჰიუსტონ როქეთსთან“ დამარცხდა - 82:93.
„სან ანტონიომ“ მეტოქეს მხოლოდ პირველ მეოთხედში აჯობა, რომელიც 2 ქულით მოიგო - 21:19. „მამუს“ გუნდმა მეორე პერიოდი 26:32 დათმო, მეორე ნახევარში კი მხოლოდ 35 ქულა დააგროვა და დამსახურებულად დამარცხდა.
ქართველ კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 3 წუთი და 47 წამი გაატარა. ამ დროში, მამუკელაშვილმა 1 მოხსნის გაფორმება მოასწრო, „ჰიუსტონის“ კალათისთვის არ შეუტევია და ერთხელ დაჯარიმდა.
„სან ანტონიოს“ მაისურით ყველაზე მეტი, 15 ქულა ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზეა, რომელმაც 18 მოხსნა და 5 დაფარებაც გააკეთა. დევინ ვესელი 14 ქულას დასჯერდა და 9-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, კელდონ ჯონსონმა 9-დან ყველა სამიანი გააფუჭა და მატჩი 12 ქულით დაასრულა. საერთო ჯამში, „სან ანტონიომ“ 41 სამქულიანი ისროლა და მხოლოდ 5 ჩააგდო. „ჰიუსტონს“ 18 ქულითა და 14 მოხსნით ტარი ისონმა ულიდერა. ფრედ ვანვლიტს 16 ქულა ჰქონდა, ალპერენ შენგუნს - 15.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 3 მოგება და 19 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო გახლავთ. „სპურსი“ კატასტროფული სერიის შეწყვეტას 14 დეკემბერს შეეცდება, როცა საკუთარ კედლებსი ლებრონ ჯეიმსის „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდება.