მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი, რაფაელ ვარანი
Aa Aa

ერთ-ერთი საუკეთესოდან ჯონი ევანსის შემცვლელამდე - რა მოუვიდა ვარანს

ერიკ ტენ ჰაგს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ რაფაელ ვარანი სკამზე დაესვა.. ფრანგი უკანახაზელი, რომელიც მიმდინარე სეზონში საკუთარი თავის აჩრდილია..

არადა ვარანმა „რეალიდან“ წასვლის შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა:

„“მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საკულტო კლუბია. აქ ჩამოსვლაზე და პრემიერ ლიგაში თამაშის შანსზე უარს ვერ ვიტყოდი. მინდა აქ გავლენა მოვახდინო და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ბრწყინვალე კლუბის ისტორიის ნაწილი ვიყო..“

ეს ყველაფერ ისე ჟღერდა, თითქოს რაფაელი იყო მოტივირებული ფეხბურთელი, რომელსაც თავისი მდიდარი კარიერის კიდევ უფრო მეტად გამდიდრება სურდა ტიტულებით.. კლუბმა კი მის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი(49 მილიონი დოლარი) გადაიხადა..

10 სეზონის, 360 მატჩის, ოთხი ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის სამი ტიტულის შემდეგ, ვარანმა სანტიაგო ბერნაბეუ, როგორც „რეალის“ ლეგენდამ, ისე დატოვა.. „სამეფო კლუბს“ მისი წასვლა არ დაეტყო, რადგან პირველივე სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თავად რაფაელი კი „იუნაიტედში“ ადაპტაციას გადიოდა და ტრავმებს ებრძოდა.. საბოოლოდ  „მანჩესტერმა“ პრემიერ ლიგა მეექვსე ადგილზე დაასრულა..

ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნამ 2022/2023 წლების სეზონში ვარანის ადაპტაციაზე კარგად იმოქმედა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაცვის ცენტრში ლისანდრო მარტინესთან ერთად ბრწყინვალე დუეტს ქმნიდა.. „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდნენ და 5-წლიანი პაუზის შემდეგ „კარაბაოს“ თასი მოიგეს..

30 წლის ფეხბურთელი კარგად თამაშობდა და ამტკიცებდა, რომ ძირითად შემადგენლობაში დამსახურებულად ხვდებოდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დინამიკა მთლიანად შეიცვალა. რაფაელი ტენ ჰაგისთვის რიგით მე-4 ცენტრალური მცველი გახდა და მის ნაცვლად 35 წლის ჯონი ევანსი ვიხილეთ, რომელიც „იუნაიტედს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მოულოდნელად თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა..

„მანჩესტერი“ ვარანის არ ყოფნის პერიოდში უფრო შეკრულ გუნდს დაემსგავსა. საინტერესოა, რატომ დატრიალდა სიტუაცია ასე ცუდად „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავისთვის?..

მაგუაერის აღორძინება

როდესაც მედიამ ფრანგი ფეხბურთელის შესახებ კითხვების დასმა დაიწყო, ტენ ჰაგმა ასეთი პასუხი გასცა:

„არანაირი შიდა პრობლემა არ არსებობს. მისი უთამაშებლობა ფიზიკური ფორმის და ტაქტიკური გადაწყვეტილებების გამოა. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ჯონი ევანსი და ჰარი მაგუაერი უკეთესად არიან მზად. ბოლო პერიოდში ჰარი ძალიან კარგად თამაშობს და შიდა კონკურენცია გაიზარდა.“

არადა თითქოს მაგუაერის მანჩესტერული კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა.. ზაფხულში კაპიტნობაც კი ჩამოართვეს.. საუბარი მის „ვესტ ჰემში“ გადასვლაზეც მიდიოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. საბოლოოდ კი ყველაფერი ისე მოხდა, რომ ჰარი მარჯვენა ცენტრალურ მცველად დაბრუნდა და „იუნაიტედმა“ გამარჯვებები დაიწყო..

ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი ყოველთვის თავს არიდებდა მაგუაერის და ვარანის ერთად თამაშს. ტენ ჰაგის სიმართლე „კოპენჰაგენთან“ მატჩში გამოჩნდა, სადაც ევანსმა ტრავმა მიიღო და შეხვედრაში რაფაელი ჩაერთო. „იუნაიტედმა“ 4:3 წააგო..


ლისანდრო მარტინესი კვლავ რეაბილიტაციის პროცესს გადის, ხოლო ტენ ჰაგისთვის ვარანზე წინ მაგუაერი, ლინდელოფი და ევანსი დგანან.. ახლა რაფაელს უწევს ბრძოლა, რომ ჰარი შემადგენლობიდან ამოაგდოს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის..

ტემპს ვერ უმკლავდება

იქამდე კი სანამ 30 წლის უკანახაზელი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდებოდა, მისი რეგრესი მანჩესტერულ დერბიში ნათლად გამოჩნდა.. „იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელის თანაშემწემ რენე მეულენსტინმა ESPN-თან განაცხადა:

„რაფაელ ვარანი ტემპს ვერ უმკლავდება. პრემიერ ლიგაში ყველაფერი საათში 100 კილომეტრით მიდის..“

რეალურად ფრანგმა ტემპი მართლაც დაკარგა. ვეღარ იგებს იმდენ ფიზიკურ დუელს, როგორც ადრე.. ამ სეზონში ის პოზიციურად არაერთხელ შეცდა და თავდამსხმელები მის ზურგს უკან პასებს ადვილად აკეთებენ..

როგორც ჩანს, მისი ტექნიკური შესაძლებლობებიც შესუსტდა. არაზუსტ პასებს აკეთებს და არც გადაწყვეტილებები უვარგა. ეს ყველაფერი კი „მანჩესტერს“ ხშირ შემთხვევაში ძვირად უჯდება.. მისი მოტივაცია, რომელიც „იუნაიტედში“ გადასვლის დროს ჰქონდა გაქრა..

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, მოსამზადებელ პერიოდში მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ ტაიმებისთვის 10-10 წუთი დაემატებინათ. ეს ვარანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ფეხბურთის მმართველი ორგანო ღიად გააკრიტიკა. რაფაელი თვლის, რომ მოთამაშეებს, როგორც რობოტებს ისე უყურებენ და ეს დამოკიდებულება მისთვის მიუღებელია..

დღეს ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფეხბურთისადმი ენთუზიაზმი, ხოლო სისტემის მიმართ რწმენა დაკარგა..

თითქოს ვიხრჩობი

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარანმა პირველად გამოხატა პრეტენზია გაზრდილი სათამაშო წუთების გამო და უეფა/ფიფა საჯაროდ დაგმო. კატარში „მამლებმა“ ფინალამდე გააღწიეს, სადაც არგენტინასთან დამარცხდნენ. რაფაელმა კი ფინალიდან სულ მალე სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის ერთ-ერთ მიზეზად დიდიე დეშამთან კონფლიქტი სახელდება..

ფრანგმა ფეხბურთელმა Canal Plus-თან განაცხადა: „ფიზიკურად და გონებრივად ყველაფერი გავეცი, მაგრამ ჩვენ სარეცხის მანქანებს ვგავართ. არასდროს ვჩერდებით. გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და ვგრძნობ, რომ ვიხრჩობი. თითქოს ფეხბურთმა ჩემი ორგანიზმი შთანთქა.“

ნათლად გამოჩნდა, რომ „იუნაიტედის“ მცველმა შეცდომა დაუშვა, როცა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. შეიძლება არ იყო კმაყოფილი ასეთი მკაცრი გრაფიკით, მაგრამ „მამლებში“ თამაში მას რიტმისა და დისციპლინის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.. დღეს, მოთამაშეების უმეტესობა სანაკრებო კარიერას მაშინ ასრულებს, როცა უკვე რეალურად ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ფიქრობს..

გავლენიანი გამოცემის, The Athletic-ის ცნობით, 30 წლის მცველი შეეგუა იმ ფაქტს, რომ „მანჩესტერში“ პირველი არჩევანი აღარ არის. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მისი მენტალიტეტი მართლაც შეიცვალა. რაფაელი ბერნაბეუზე უმაღლეს სტანდარტებს იცავდა.. „იუნაიტედისთვის“ კი ეს ვერსია დიდი ხანია გაქრა..

საუდის არაბეთი - გაქცევის გზა

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ „იუნაიტედმა“ ზარალი შეამციროს.. რაფაელს საუდის არაბეთში წასვლას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო მაგუაერს დარჩენას..

ინგლისელ ფეხბურთელს დიდი სურვილი აქვს დაამტკიცოს, რომ კრიტიკოსები ცდებიან და მისი ადგილი „მანჩესტერშია“.. ჯერ კიდევ გასარკვევია მიაღწევს, თუ არა ჰარი ამ მიზანს, მაგრამ მის ვალდებულებებზე კითხვის ნიშნები არ არსებობს..

ვარანი ამ მხრივ თავის აღორძინებულ თანაგუნდელს უბრალოდ ვერ შეედრება. სათადარიგოთა სკამზე ჯდომამ შესაძლოა მის ეგოზე უფრო მეტად იმოქმედოს და გამოსწორებას კი არ ეცადოს, არამედ უფრო დაითრგუნოს და ჩაქრეს..

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგის გადაბირებით „ალ ნასრი“ ინტერესდება, სადაც შესაძლოა ვარანს რონალდუსთან ყოფნა მოეწონოს. ასევე, აუცილებლად მიმზიდველი იქნება ფინანსური მხარეც..

ბოლო პერიოდში, ახლო აღმოსავლეთში ფეხბურთი ძალიან მზარდია. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კარიმ ბენზემა, კანტე, ნეიმარი, ფირმინო და მარეზი არიან რონალდუს გაჰყვნენ.. მიუხედავად ასეთი სახელებისა, ფეხბურთის დონე საუდის არაბეთში მაღალი არ არის და შესაძლოა ვარანმა თავს სწორედ იქ უშველოს..

რა იქნება შემდეგ?

იყო საუბარი, რომ მაგუერის შემდეგ, „იუნაიტედის“ კაპიტანი ვარანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კაპიტნის სამკლავური ბრუნო ფერნანდეშს გადასცეს, რომელიც მთელი გასული სეზონის განმავლობაში ვიცე-კაპიტანი იყო.. ამ ფაქტმა ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან პორტუგალიელი მოედანზე ხშირად დაღვინებული ფეხბურთელივით არ იქცევა. ვინ იცის კაპიტნობა რაფაელისთვის, რომ მიენდოთ, მას თავისი სტანდარტი შეიძლება არ დაეკარგა..

ამ მომენტისთვის ვარანი დამარცხებული ჩანს. ის ვეღარ დაიკვეხნის იმ სისწრაფით, პოზიციის შერჩევით და ცნობიერებით, რამაც „რეალში“ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოაყალიბა..

ნელ-ნელა „მანჩესტერს“ ტრავმირებული ფეხბურთელები უბრუნდებიან. მათ შორისაა ვან-ბისაკა და მეისსონ მაუნტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლუკ შოუ და ლისანდრო მარტინესიც დაბრუნდებიან და იმ დროისთვის რაფაელის სათამაშო წუთები კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება. ამის პარალელურად კი „იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენასთან ძალიან ახლოს არის..

როგორც The Atlethic წერდა, ვარანი ამ ყველაფერში მხოლოდ თავის თავს ადანაშაულებს და სხვისკენ ხელს არ იშვერს, თუმცა რაიმეს გამოსწორების სურვილი და ნიშანი არ არსებობს..

21-ე საუკუნეში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უამრავი ტრანსფერი გააკეთა, რომელთაგან ბევრს არ გაუმართლებია. ამის ნათელი მაგალითი ანხელ დი მარია და რადამელ ფალკაო არიან.. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ვარანი თითქოს წარსულში იქექება და წინ აღარ იხედება.. ტიტულოვანი ფრანგი, ერთ დროს მსოფლიოში დიდებული ცენტრალური მცველი დღეს ჯონი ევანსის შემცვლელია..

გაზიარება: