სანჩო რაფინიას სანაცვლოდ | მანჩესტერის შეთავაზება ბარსელონას
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ჯეიდონ სანჩოს გაშვება გადაწყვეტილი აქვს. ინგლისელ ფეხბურთელს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი წარმოექმნა და დიდი ხანია, „წითელი ეშმაკების“ განაცხადში ვერ ხვდება.
„მანჩესტერი“ სანჩოს მსურველს აქტიურად ეძებს და როგორც Diario Sport-ი წერს, წინადადებით „ბარსელონას“ მიმართა. „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები მზად არიან, „ბლაუგრანას“ სანჩო რაფინიას სანაცვლოდ დაუთმონ, რომელიც „კამპ ნოუზე“ „ლიდსითან“ გადავიდა.
„ბარსელონას“ პასუხის შესახებ ჯერჯერობით არაფერი დაწერილა, თუმცა ინგლისელი გარემარბის ხელფასი, რომელიც კვირაში 275 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, შესაძლოა, პრობლემად იქცეს. სანჩოს მსურველები არ აკლია. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „იუვენტუსი“ და საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი აკვირდება.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი „არსენალთან“ მატჩის შემდეგ დაიწყო, როდესაც ტენ ჰაგს ჰკითხეს, თუ რატომ არ ათამაშა სანჩო. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობისთვის სათანადო დონე უნდა აჩვენოს, რასაც სანჩოს პოსტი და ვითარების არევა მოჰყვა.