ბარსელონას პირველად მოუგეს | ჟირონას წარმატებას გარი ლინეკერიც გამოეხმაურა
ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში, მიმდინარე სეზონის მთავარმა აღმოჩენამ, „ჟირონამ“ მორიგი გამარჯვება იზეიმა. „თეთრ-წითლები“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდნენ და „ბლაუგრანას“ ისტორიაში პირველად მოუგეს - 4:2.
„ის, რაც ჟირონამ გააკეთა, დიდი მიღწევაა. ჩემპიონატის ლიდერები არიან და დღეს ჩვენზე უკეთ ითამაშეს. 7 ქულით გაგვისწრეს და ეს ნამდვილად დაიმსახურეს. თანაბარი თამაში იყო და ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა. ბარსას გამარჯვებაც სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან მეტოქის კარისკენ 31-ჯერ დავარტყით. ჟირონას შესანიშნავი გუნდი ჰყავს და საოცარ სანახაობას აჩვენებენ“, - განაცხადა „ბარსელონას“ თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა.
„ჟირონას“ წარმატებას ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, გარი ლინეკერიც გამოეხმაურა: „ღმერთო ჩემო! პატარა ჟირონამ სტუმრად ბარსელონას მოუგო და ლა ლიგას 2-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. აი, ესაა სიუჟეტი“.
ცნობისთვის, „ჟირონას“ 41 ქულა აქვს და 16 ტურის შემდეგ, პირველ ადგილზეა. „თეთრ-წითლების“ მომდევნო მეტოქე „ალავესია“, რომელსაც საკუთარ კედლებში დაუპირისპირდებიან.