„ჩემი მომდევნო მეტოქე მერაბ დაშაზვილია“ | სეხუდომ მანქანასთან ჩხუბი დაადასტურა
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ დაადასტურა, რომ მომდევნო ბრძოლას მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ გამართავს. „ტრიპელ სიმ“ იუთუბის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და ქართველი მებრძოლის გვარი რამდენჯერმე განზრახ არასწორად წარმოთქვა.
„დიახ, 17 თებერვალს, UFC 298-ზე მერაბ დაშაზვილის წინააღმდეგ ვიჩხუბებ. ეს ბრძოლა გადაწყვეტს, შონ ომალისა და მარლონ ვერას ჩხუბის გამარჯვებულს ვინ შეხვდეს. როგორ ვემზადები მებრძოლისთვის, რომელიც ზეწოლას ახორციელებს, შემდეგ კი თეიქდაუნის შესრულებას ცდილობს? გეგმა შემუშავებული მაქვს, სპარინგ-პარტნიორები შევარჩიე და ამ ბრძოლით აღფრთოვანებული ვარ.
მჯერა, მაგარი ჩხუბი იქნება და მომზადებაში ამირ ალბაზიც მეხმარება. მას იგივე სიმაღლე აქვს, რაც მერაბ დაშვილის და დაშაშვილთან ერთადაც უვარჯიშია. ყველა გამოწვევის მისაღებად მზად ვარ და მერაბ, შენი ყელისთვის მოვდივარ. როცა გავიმარჯვებ, შონ ომალის ან ჩიტო ვერას საჩემპიონო ქამრისთვის ვეჩხუბები. შორეულ მომავალზე საუბარი არ მინდა და ახლა მეტოქედ მერაბი, უფრო სწორად Merat-ი (Rat ქართულად ვირთხას ნიშნავს) მყავს“.
შეგახსენებთ, რომ სეხუდოს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.