დინამო ბათუმი, არჩილ ბერიძე
Aa Aa

ჩემპიონობა 100 წლის იუბილეზე | რა არის შემდეგი ეტაპი დინამო ბათუმისთვის?!

„Crystalbet ეროვნული ლიგის“ 2023 წლის სეზონი „დინამო ბათუმის“ ჩემპიონობით დასრულდა. კლუბმა, რომელიც წელს არსებობის 100-წლიან ისტორიას აღნიშნავს, სეზონი ქვეყნის საუკეთესოობით დახურა. დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ „საბურთალო“ თასის ფინალში ოდნავ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

გია გეგუჩაძის 5.5-წლიანი ნაყოფიერი, შედეგიანი და ტიტულიანი პერიოდის შემდეგ, გუნდი შუა სეზონში ანდრი დემჩენკომ ჩაიბარა, რაც რთული პროცესი იყო, მაგრამ ჩემპიონობაში ხელი არ შეუშლია და ბათუმელებმა ტიტული ტურნირის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდეს.

გადავხედოთ, საიდან სად მივიდა „დინამო ბათუმი“, რა ეტაპები გაიარა მეორე ჩემპიონობამდე და განსაკუთრებით თვალი გადავავლოთ მის თავგადასავალს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ერთად. ყველამ კარგად იცის, რომ აჭარის მთავარმა გუნდმა ურთულესი და ძალიან გაჭირვებული პერიოდი გაიარა, სანამ მას არჩილ ბერიძე ჩაიბარებდა.

სტატიის მიზანია, პროცესებს თვალი გადავავლოთ და კონკრეტულ მოვლენათა სხვა თვალით დანახვა ვცადოთ, თუმცა, ეს არაა ისეთი მრავლისმომცველი სტატია, როგორებიც ჩემი ბოლო სტატიები. მიზეზი ისაა, რომ რამდენიმე საკითხია, რომელთა წინა პლანზე წამოწევა და საუბარი მსურდა. მთავარი ხაზი ასეთია: კლუბის გზა აქამდე, პრობლემები, შეცდომები და განვითარების პერსპექტივა, კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე.

საუკუნოვანი ისტორია აჭარაში: საიდან მოდის ფეხბურთი ბათუმში

ბათუმური საფეხბურთო ისტორია 1911 წლიდან იწყება, როცა პირველი გუნდი - „ხოლოდნოსლობოდსკაია“ შეიქმნა, რასაც მომდევნო წლებში კიდევ ათამდე გუნდის ჩამოყალიბება და ფეხბურთის აქტიური პოპულარიზაცია მოჰყვა. 1914 წლისთვის, ეს გუნდები ერთმანეთში სატურნირო შეჯიბრებითობის პრინციპით თამაშზე შეთანხმდნენ და გაცილებით სერიოზულ, აზარტულ და ორგანიზებულ გათამაშებას, ქალაქის პირველობას დაედო სათავე.

შავი ზღვის მოდგაფუნე ტალღების ფონზე, ფეხბურთი სულ უფრო საყვარელი და პრესტიჟული თამაში ხდებოდა და ლოგიკური იყო, რომ ქალაქში პირველი პროფესიონალური კლუბი დაეარსებინათ. 1923 წელს, აჭარლებმა ჩამოაყალიბეს საფეხბურთო კლუბი, რომელსაც „ბდპო“ (ბათუმის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოება) დაარქვეს. სწორედ ამ გუნდის სამართალმემკვიდრეა „დინამო ბათუმი“.

4-წლიანი ამხანაგური ასპარეზობების შემდეგ, 1927 წელს საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა. „ბდპო“-მ ყველაზე ძლიერად ითამაშა - თბილისის, სოხუმისა და ფოთის გუნდებთან სამივე მატჩი მოიგო და ისტორიაში პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

1920-იანი წლების ბოლოსა და 30-იანების დასაწყისში, ბათუმში ფეხბურთის პოპულარობა შემცირდა, რაც 30-იანების შუა წლებიდან შეიცვალა, როცა, 1936 წელს, სსრკ-ის პირველი ჩემპიონატი და თასის გათამაშება ჩატარდა. იმავე 1936-ში, „დინამო ბათუმმა“ კონსტიტუციის თასი მოიპოვა. ორი წლის შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა. 1938 წლიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფეხბურთო პროცესს ჩაეყარა საფუძველი - ბათუმში სტანდარტული ზომის მოედნების მოწყობა დაიწყო.

თანდათან, აჭარის მთავარ ქალაქში ფეხბურთი გაღვივდა, გაიზარდა და საზოგადოების უფრო და უფრო მეტი ინტერესი მოიცვა და ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ასე იყო ათწლეულების განმავლობაში, თუმცა წვიმიან აჭარაში პერიოდული საფეხბურთო გვალვებიც ახსოვთ. მაგალითად, 1935 წელს აშენებული ბათუმის ცენტრალური სტადიონი, რომელზეც „დინამო ბათუმი“ თამაშობდა, 2002 წლიდან ნელ-ნელა დაანგრიეს, 2006 წლიდან კი იქ კორპუსის მშენებლობა დაიწყო. საფეხბურთო ქალაქი - სტადიონის, ფეხბურთზე შეყვარებული ხალხი კი უმაღლესი ლიგის გუნდის გარეშე დარჩა.

ახალი ერა: მეორე ლიგიდან ორგზის ჩემპიონობამდე

2017 წელს, როცა კლუბის 100%-იანი წილი ბათუმის საკუთრება იყო, „დინამო ბათუმს“ ძალიან უჭირდა და დღის წესრიგში მისი კერძო მფლობელზე გადაცემის საკითხი დადგა. იმის მიუხედავად, რომ დაინტერესებულ ორ მხარეს ღია მზაობა ჰქონდა, კლუბი მაშინვე შეესყიდა, ეს ასე არ მოხდა და ამას კიდევ 2 წელი დასჭირდა.

თუმცა, შეიცვალა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რამაც არჩილ ბერიძეს მნიშვნელოვანი სიმპათიები და პოზიტიური იმიჯი მოუტანა. 2017 წლიდან მან აიღო ინიციატივა, კლუბის გენერალური სპონსორი და მთავარი დამფინანსებელი გახდა, რის წყალობითაც „დინამო ბათუმი“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა და ქალაქში თანდათან საფეხბურთო ატმოსფერო შეიქმნა. იქ კი ფეხბურთი როგორ უყვართ და ამას როგორ გამოხატავენ, ამ ძალიან ცნობილი ვიდეოდანაც კარგად ჩანს.

2019 წლის მაისში, ბათუმის მერიის საბოლოო გადაწყვეტილებით, „დინამო ბათუმი“ 49-წლიანი იჯარით ბერიძის კომპანია „Lamin G“-ს გადაეცა.  ხელშეკრულების მიხედვით, კლუბის 100%-იანი წილი კომპანიის საკუთრებაში გადავიდა, რის სანაცვლოდაც ბერიძეს შემდეგი პასუხისმგებლობები დაეკისრა: სარგებლობის პერიოდის განმავლობაში, კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, შეინარჩუნოს საბავშვო აკადემია და უზრუნველყოს მისი უეფა-ს ან ფიფა-ს სტანდარტებით ფუნქციონირება.

ამ სტატიას დოკუმენტურ-იურიდიულ დეტალებზე სალაპარაკოდ არ ვწერ, უბრალოდ, იმის საილუსტრაციოდ, საიდან დაიწყო საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ეს ეტაპი, ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალებია. გულშემატკივარმა უნდა იცოდეს ბათუმელთა მფლობელების გაკეთებული საქმეც და მათი პასუხისმგებლობებიც, რაც კლუბის სტაბილურ წინსვლასა და განვითარებას სჭირდება.

ქართულ ფეხბურთში არსებული რეალობისა და წინაღობების გათვალისწინებით, ის ეტაპი, რაც „დინამო ბათუმმა“ 2017 წლიდან დღემდე გაიარა, დასაფასებელი და კარგად გასაანალიზებელია, რაც ვრცელი თემაა და, შეიძლება, ამაზე ცალკე სტატიაც შემოგთავაზოთ.

ფაქტი ერთია: დაშლის პირას მყოფი გუნდი, რომელსაც არაფერი გააჩნდა და დინებას ძლივს მიჰყვებოდა, ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა და ერთხელ საქართველოს სუპერ თასი მოიგო. მეორე საკითხია, რომ ჯერჯერობით არსებული რესურსი არაა საკმარისი იმისთვის, რომ „დინამო ბათუმმა“ ევროტურნირებზე თუნდაც საშუალო დონის მეტოქეების ბარიერი სტაბილურად გაიაროს და რომელიმე ტურნირის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდეს.

წინა აბზაცი მოკლედ რომ შევაჯამოთ, ასეა: „დინამო ბათუმი“ საქართველოს მასშტაბით გრანდად ჩამოყალიბდა. სტაბილურად ძლიერ გუნდად, რომელიც ყველა შიდა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ეს, ამ მოკლე დროში, ცოტა ნამდვილად არაა! მეორე მხრივ, აუცილებელია სტაბილური განვითარება და ახალი ეტაპი, რომელიც მას ევროპულ დონეზე გადაიყვანს და ამბიციურ საერთაშორისო პროექტად აქცევს. მესმის, რომ რთულია და ევროპულ ფეხბურთთან დაშორება იმაზე დიდია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია, მაგრამ ვისურვოთ, რომ ესეც ისევე სწრაფად მოხდეს, როგორც ქართულ ფეხბურთში გრანდად ჩამოყალიბება.

ცალსახად მართალია არჩილ ბერიძე, როცა ამბობს, რომ „დინამო ბათუმს“ 100-წლიან ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ახლა უდგას, რადგან არასდროს ყოფილა 5 ან 10-წლიანი ეპოქა, როცა „დინამო ბათუმი“ საქართველოში ასეთი დომინანტი და სტაბილურად ტიტულებისთვის მებრძოლი კლუბი იყო.

„ჩვენს კლუბს არსებობის 100-წლიან ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს, ეს შედეგი ერთიანობამ და თავდაუზოგავმა შრომამ მოიტანა. ყველა საფეხბურთო კლუბის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტები, როცა ცვლილებებისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დროა. ჩემი შეხედულებით, სწორედ ესაა „დინამო ბათუმის“ გულშემატკივართა დაკვეთა და ჩვენი კლუბის მთავარი სამომავლო გამოწვევა.

გუნდის ძირითადი ბირთვის შესანარჩუნებლად და შემადგენლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა, იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ზოგი მოთამაშის დარჩენა მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ იქნება დამოკიდებული.

ვემზადებით ახალი სეზონისთვის, ახალი იმედებითა და უცვლელი მიზნით - ევროპული საფეხბურთო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა“.

ბათუმში ფეხბურთი უყვართ, ხელმძღვანელობას ფეხბურთი ესმის (რაც, ზოგადად, დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში უკვე გამოსარჩევი მახასიათებელი გახდა), გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ახალი ფეხბურთელებიც ეყოლება. ახალი იმედები და აჭარული მოლოდინი. მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში მეორედ ითამაშებს. პირველი გამოსვლა ძალიან რთული, მაგრამ რამდენადაც რთული, იმდენად სასარგებლო გამოცდილებით დასრულდა.

„დინამო ბათუმი“-„სლოვანი“ სტადიონიდან მიმყავდა. ის ემოციები, რაც ჯერ ზურიკო დავითაშვილის 104-ე წუთზე გატანილმა გოლმა მომიტანა, შემდეგ კი - ვლადიმირ ვაისის ჩახვეულმა კუთხურმა, არასდროს დამავიწყდება და მიკროფონის გამორთვის მომენტსა და შემდეგ საათებში, ერთი რაღაც მიტრიალებდა თავში: „რატომ წავაგეთ, როცა ამას არ ვიმსახურებდით“... თუმცა, ცივ გონებაზე უკვე კითხვებზე პასუხები წამოვიდა და ფრაზა „არ ვიმსახურებდით“, შეიცვალა საპირისპიროთი! ვიმსახურებდით! და ამის მიზეზებს ქვედა თავში გეტყვით. ახლა უკვე ძალიან ნათლად მაქვს გააზრებული, რატომაც წავაგეთ, რა დაგვაკლდა და რატომ არ ვიყავით მაშინ „სლოვანზე“ უკეთესი გუნდი! ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ გუნდის გავლა არ შეგვეძლო. შეიძლებოდა, სლოვაკებს გავცდენოდით, მაგრამ ფეხბურთი ძალიან სამართლიანი სპორტია და ისე მოხდა, რომ ვერ გავცდით.

ვერ გავცდით, სამაგიეროდ, ბევრი სასარგებლო საქმიანი მინიშნება, უსაზღვრო გამოცდილება და გამოწვევა მივიღეთ. როცა რამე დიდთან მისვლა გინდა, ასეთი მინიშნებები, გამოცდილებები და გამოწვევები, ის გასავლელი გზაა, რომლის გარეშეც მასშტაბური წარმატება არ მოდის და არც უნდა მოდიოდეს. ასე რომ, ყველაფერი „დინამო ბათუმისა“ და იქ მომუშავე ხალხის ხელშია.

100-წლიანი ისტორიის ყველაზე მწარე და ყველაზე სასარგებლო წაგება

„სლოვანთან“ გასვლითი მატჩის პირველ ტაიმში სლოვაკებმა რამდენიმე მაგარი მომენტი შექმნეს, უბრალოდ, ლაზარე კუპატაძე ძალიან კარგი იყო და გოლი არ გაუშვა. ტაიმის ბოლოს, კაპიტანი კობახიძე გააძევეს, რამაც საქმე ძალიან გაართულა, მაგრამ აქ გამოჩნდა, რა შეუძლია აქტიურად და აგრესიულად მოთამაშე, თუნდაც 10-კაციან, გია გეგუჩაძის ფორმაციის „დინამო ბათუმს“. გეგუჩაძის გუნდები თავს ყოველთვის შეტევით იცავენ, ვერასდროს ნახავ მის გუნდს, რომელიც უკან დგება და მეტოქის შეტევებს იგერიებს, რადგან ყოველთვის ცდილობს, საჯარიმოდან შორს და აქტიურად ითამაშოს, რაც, ტოტალური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი, საიმედო დაცვითი ხერხია.

მთავარი რა გვაჩვენა „სლოვანთან“ პირველმა მატჩმა: კონკრეტულ მატჩში სლოვაკეთის ჩემპიონი არაა ის გუნდი, რომელსაც „დინამო ბათუმი“ ვერ მოუგებდა! ოღონდ, კონკრეტულ მატჩში, მაგრამ ოდნავ უფრო გრძელვადიან პერიოდში, სადაც საქმეში უკვე რესურსი, გამოცდილება, მოთამაშეთა ხარისხი და სხვა ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები ერთვება, ამოცანა რთულდება და ყველაფერი გაცილებით განსხვავებულ სახეს იღებს.

ჩამოვიდეთ ბათუმში: „დინამო ბათუმის“ საოცარ სტადიონზე ტევა არ იყო, ქალაქი იმ დღეს იმ მატჩით ცხოვრობდა და რა ადგილასაც არ უნდა წასულიყავი, ყველგან ფეხბურთის სუნი და გემო ტრიალებდა. ამ გარემოთი დახვდნენ „სლოვანს“, 0:0-ის შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში.

თამაში ისე წავიდა, როგორც ორი დაახლოებით თანაბარი გუნდის საპლეიოფო შეხვედრები მიდის: ყველა მომენტში დაუნდობელი ბრძოლა, ცოტა მომენტი, სიფრთხილე და მაქსიმალური ყურადღება. ორივე გუნდი ცდილობდა, შეეტია, მაგრამ მთავარი გოლის არგაშვება იყო. ასეთ დროს, დამატებით ტაიმში, როცა ყველას ენერგიის მარაგი ქვემოთ მიექანება და ისეთი მოქნილი ვეღარ არის, ზურიკო დავითაშვილმა, პირადად მე, დამარწმუნა იმაში, რომ ასეთი დონის მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია და სხვა კლასის ფეხბურთელია, რაც ამ ზაფხულს ნიდერლანდების ახალგაზრდულ ნაკრებთან გატანილი გოლითაც გადააზღვია.

როდესაც ასეთ თამაშში წინ გადიხარ, უდიდესი ფსიქოლოგიური და სათამაშო მუხტია, რომლის ხელიდან გაშვება, უბრალოდ, ძალიან რთულია. მეტოქე პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება, ინერციით გიტევს და თუკი შანსი შენი შეცდომით ან შეცდომებით არ მიეცი, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ თავად რამე დაგიპირისპიროს და ანგარიში გაგითანაბროს. ასეთ დროს არის საჭირო გამოცდილება და კლასი იმისთვის, რომ თამაში „მოკლა“.

უფრო მარტივად ავხსნათ: ბათუმელთა არც ერთ ცვლილებას გუნდის თამაში არ გაუძლიერებია! ეს იყო ჩანაცვლებითი პრინციპი, როცა ერთი ფეხბურთელი დაიღალა და მას სხვა მოთამაშით ცვლი. უფრო, ალბათ, იძულებითი ითქმის... მოედანზე შემოსულ ფეხბურთელთა ხარისხი ჩამორჩებოდა ხარისხს იმ მოთამაშეებისა, რომლებიც მათ შეცვალეს. ანუ, რა გამოდის: უმძიმეს მატჩში გეღლება საუკეთესო ფეხბურთელები და შესაფერის შევსებას ვერ იღებ და ნებისმიერი მომდევნო ცვლილება თამაშს გისუსტებს. შესაბამისად, კარგავ სიტუაციაზე კონტროლს და იმატებს იმის საშიშროება, რომ შეცდომა დაუშვა ან უბრალოდ შემოტევებს ვეღარ გაუძლო.

ამ ფონზე, ვლადიმირ ვაისს თადარიგში ჰყავდა ფეხბურთელები, რომელთა მეშვეობითაც გუნდი გააძლიერა. გამოიყენა კოზირები - ხარისხიანი დაღლილი ფეხბურთელები ჩაანაცვლა ხარისხიანი დასვენებული ფეხბურთელებით, რომელთაც ბათუმელთა ან დაღლილ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშესთან თამაში უწევდათ, ან დასვენებულ, მაგრამ სათადარიგო სკამიდან შემოსულ ფეხბურთელთან. ამრიგად: „სლოვანის“ შეცვლებმა გუნდის თამაშს ხარისხი თუ არ შეჰმატა, არც დაუკლია, მოიმატა ენერგიამ, რამაც გუნდი უფრო აგრესიული და სახიფათო გახადა. ასეთ დროს კი ეს რამდენად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტორი შეიძლება, იყოს, საბოლოო შედეგმაც დაგვიდასტურა და სხვა ბევრ შემთხვევაშიც დაუდასტურებია.

შევაჯამოთ: საკუთარ კედლებში მოთამაშე „დინამომ“, რომელმაც, დავითაშვილის გოლით, უდიდესი ფსიქოლოგიური მუხტი მიიღო, ამის შემდეგ თამაშზე კონტროლი სრულად დაკარგა! მეორე დამატებითი ტაიმის 15-წუთეულს აქვე გიჩვენებთ და თავადაც შეგიძლიათ, ნახოთ და დარწმუნდეთ იმაში, რომ გუნდს აღარ აქვს ენერგია და არანაირი გეგმა იმისა, როგორ ამოიტანოს ბურთი თუნდაც მოედნის ცენტრის სიახლოვეს. დააკვირდით იმასაც, რომ არც ერთი მონაკვეთი ყოფილა ისეთი, როცა ბათუმელებმა ზედიზედ 4 პასი გააკეთეს. ესაა მოშორებაზე თამაში, რაც ამ „დინამოს“ სათამაშო სტილის აბსოლუტური ანტიპოდია.

გეგუჩაძის „დინამო ბათუმი“ წლების განმავლობაში ბურთთან კარგად მყოფ გუნდად ჩამოყალიბდა და სათამაშო სისტემაც ბურთისა და სიტუაციის კონტროლზე ჰქონდა აგებული. წარმოიდგინეთ, ასეთი გუნდისთვის, რამდენად დიდი დისკომფორტი და პრაქტიკულად აპოკალიპტური სცენარია, როცა დაცვაში დგას და მეტოქის ყველა შეტევას საკუთარი საჯარიმოდან ან მესამედიდან იგერიებს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იგერიებს, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ბურთის ამოტანის ძალა და რესურსი გუნდს აღარ გააჩნდა. გეგუჩაძეს გამოეცალა ყველა არსებული კოზირი, მას მოედანზე ჰყავდა დემორალიზებული გუნდი, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა.

როგორც ხედავთ, „სლოვანი“ ბოლო ტაიმში არის გუნდი, რომელსაც აქვს ენერგია, რომ შეუტიოს და მისი თამაში შეცვალოს. შეცვალოს, რადგან მთელი 104 წუთი ეს გუნდი მეორე ნომრად, კონტრშეტევებსა და სტანდარტულებზე აგებულ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა დასკვნით 15 წუთში, როცა მომატება დასჭირდა, ეყო ფიზიკური და მენტალური რესურსი იმისთვის, რომ სადავეები აეღო და ძალაგამოცლილი მეტოქისთვის შეეტია. ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ სლოვაკთა შეტევები არც ისე მრავალფეროვანია, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი ბათუმელებს ძალიან აგრესიულად „მიაწვა“ და ფეხბურთში არის მომენტები, როცა ასეთი ხერხით შეტევა უფრო სახიფათოა, ვიდრე ტექნიკური, ორგანიზებული და მრავალმხრივი მეთოდებით.

როდესაც გუნდი ასეთი დაღლილია და მეტოქის მიერ წნეხი ძლიერდება, გჭირდება ინდივიდუალისტები ან გეგმა, რომლის დახმარებითაც დროს ლეგალურად გაიყვან და პერიოდულად ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემა. სხვა შემთხვევაში, ხდება ის, რაც ამ შეხვედრაში მოხდა: ერთი გუნდი რინგის კუთხეშია, მეორე კი დაცემამდე ურტყამს და, საბოლოოდ, ნოკაუტშიც აგდებს. ვახსენე დროის ლეგალურად გაყვანა, თუმცა არსებობს არალეგალური გზაც, რაც ფეხბურთში და სპორტში სრულიად მისაღები და ხანდახან ძალიან საჭიროა. ამ არალეგალური გზით დროის გაყვანა და თამაშის „მოკვლა“ გამოცდილებასა და კლასს მოითხოვს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მყოფ „დინამო ბათუმსა“ და მის ფეხბურთელებს არ ჰქონდათ.

ცოტა გამიგრძელდა და დეტალებში შევედი, მაგრამ, ვფიქრობ, „სლოვანთან“ მატჩი და ნაჩვენები დაახლოებით 20-წუთიანი მონაკვეთი ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორი შეიძლება, იყოს იმისა, თუ როგორ არ უნდა თამაშობდეს „დინამო ბათუმის“ სტილის გუნდი ასეთ დროს, რაშია პრობლემა და რამ მიიყვანა გუნდი ამ კონდიციამდე. ყველაფერი ხელის გულზეა, ყველაფერს ანალიზი და სწავლა სჭირდება და პირადად ვხედავ იმას, რომ ბათუმელთა ხელმძღვანელობაში, მენეჯმენტში, სამწვრთნელო შტაბსა და გულშემატკივარში არის შეცდომაზე სწავლის, გამოცდილების მიღებისა და ჯანსაღი, სასარგებლო ანალიზის რესურსი. ეს წინსვლისთვის, განვითარებისა და ახლის მიღებისთვის არის აუცილებელი.

აკადემია: აუცილებელი პირობა ახალ ეტაპზე გადასასვლელად

არჩილ ბერიძის მერიის მიმართ ერთ-ერთი აღებული პასუხისმგებლობა ბათუმში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირებაა. ჯერჯერობით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი ძვრები არ შეინიშნება და ყველა განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით, როდის დაიწყება პროცესი, რომელიც ბათუმური და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

როგორც ვიცი, კლუბში ამ საქმის დაწყება ძალიან უნდათ და გასაკვირიც იქნებოდა, არ უნდოდეთ, რადგან, უკვე აღვნიშნე, რომ ხელმძღვანელობას ფეხბურთი საკმაოდ კარგად ესმის და ნებისმიერი მათგანი ხვდება, რომ „დინამო ბათუმს“ ადგილობრივი ფეხბურთელები აკლია. ფეხბურთელები, რომლებიც კლუბის ატმოსფეროსა და ღირებულებათა სისტემის ფონზე გაიზრდებიან და ნებისმიერ პროფესიონალ მოწვეულ (თუნდაც ქართველ) მოთამაშესთან შედარებით ექნებათ ის „რაღაც“, რაც არ ისწავლება - ან მასთან ერთად ცხოვრობ, ან ძალიან ბევრი წელი გჭირდება, რომ რამენაირად გამოიმუშავო, მაგრამ როგორც არ უნდა გამოიმუშავო, როცა ეს ბავშვობიდან მოგყვება, უკვე სხვანაირად „იქაური“ ხარ. ვფიქრობ, რაზე ვსაუბრობ, ყველა ხვდებით.

აი, ზუსტად ეს „რაღაც“ არის ის, რაც გადამწყვეტ მატჩებში გუნდს კიდევ უფრო მეტად აერთიანებს, კიდევ უფრო ძლიერს, აგრესიულს, ორგანიზებულსა და უტეხს ხდის. ასეთ ლოკალურ ლიდერებზე დაშენებული გუნდი სხვანაირად თვალებანთებული თამაშობს, რადგან ის „ლოკალური“ კაცი ყველას უკანაა და მოდუნების საშუალებას არავის აძლევს.

ეს ერთი, სუფთა გუნდურ-საფეხბურთო მხარეა, მეორე კი სუფთა ეკონომიკურია. შემთხვევითი ხომ არაა, რომ „დინამო ბათუმი“ „დინამო თბილისის“, „საბურთალოს“, „ლოკომოტივისა“ და სხვა სკოლების აღზრდილ ფეხბურთელებს ყიდულობს. მათში იხდის თანხებს და ბათუმში სათამაშოდ ჩაყავს, გუნდის ბირთვი უშუალო კონკურენტების აღზრდილი მოთამაშეებით შენდება! ცუდი არაფერია იმაში, რომ მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, აზაროვი და სხვა ბიჭები „დინამო ბათუმის“ ლიდერებად ყალიბდებიან, ასეთები კიდევ იქნებიან და ეს ძალიან კარგი და ნატურალური პროცესია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ბათუმური ბირთვი და მასზე დაშენებული „დინამო ბათუმი“...

იქნებიან კარგი ქართველებიც, კარგი ლეგიონერებიც, მაგრამ ეს მიმართულება ასამუშავებელია და იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმეს შეიძლება ეგონოს. ეს იქნება სრულიად ახალი და ყველაზე სასარგებლო ჟანგბადი „დინამო ბათუმისთვის“. ნამდვილი ახალი ეტაპი და წინ, მომავლისკენ გადადგმული გრძელვადიანი და ქართული ფეხბურთისთვისაც დიდი ბენეფიტის მიმცემი სვლა და საქმე!

შეჯამების სახით რომ ვთქვა, მთავარი, რატომაც ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტე: როცა ბათუმელებმა ჩემპიონობა გაინაღდეს, რაღაცნაირად ეგრევე გონებაში ვთქვი - „აბა, ახლა შემდეგი რა უნდა იყოს“?! შემდეგი, შეიძლება, რიგითობით საერთოდ არ უწევს, მაგრამ ბევრი კარგი რამის წინაპირობა და ხიდი ახლანდელ და მომავლის „დინამო ბათუმს“ შორის, აკადემიაა! ამ გუნდისთვის ბევრი კარგი რამე მინდა (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქართული კლუბისთვის) და აქ ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ერთია: მინდა, ბათუმში აკადემია მაქსიმალურად მალე გაკეთდეს, ამუშავდეს და ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ფინანსურად ძლიერ, დამოუკიდებელ გემრიელ მხარეს საფეხბურთო აკადემია ჰქონდეს და ბავშვებმა ხარისხიანი საფეხბურთო განათლება მიიღონ. ვიცი, ეს მათაც უნდათ, ვინც ამაზე უნდა იზრუნოს, ამიტომ იმედი მაქვს, ჩვენი ეს ერთობლივი სურვილი ძალიან მალე ასრულდება.

წარმატებები ჩვენს ჩემპიონს ევროტურნირებზე, „დინამო თბილისთან“, ქუთაისის „ტორპედოსთან“ და „საბურთალოსთან“ ერთად!

გაზიარება: