თელავი უმაღლესში დარჩა | სპაერმა ზედიზედ მეორე პლეი-ოფი დათმო
„Crystalbet ეროვნული ლიგა“-ის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, „თელავმა“ „სპაერს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, დღეს კი კახელების უპირატესობა სრულიად აშკარა იყო.
თელაველებმა ყველაფერი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს: ანგარიში იმედა აშორტიამ 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა, შემდეგ ირაკლი რუხაძემ და გიორგი ქანთარიამ შეაგდეს და 28-ე წუთისთვის ტაბლოზე უკვე 3:0 ენთო.
მეორე ნახევრის სტარტზე, 53-ე წუთზე, აშორტიამ თამაშიდანაც გაიტანა, დუბლი მიითვალა და, როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თელავი (3-4-3): ქურდაძე - ფაცაცია, ცნობილაძე, გაბიტაშვილი - მორჩილაძე, ქანთარია, ჯერალდო, პარკინაშვილი - აშორტია, რუხაძე, გოშთელიანი. მთ. მწვრთნელი: გეორგიოს კოსტისი.
სპაერი (4-2-3-1): ფუტკარაძე - მატენჯვა, კენჭაძე, ცეცხლაძე, მოსაშვილი - ქართველიშვილი, ცაცკრიალაშვილი - გადრანი, ქებურია, ნაჭყებია - გაბუნია. მთ. მწვრთნელი: კახა მაისურაძე.
გეორგიოს კოსტისის გუნდმა ორრაუნდიანი დუელი დამაჯერებლად მოიგო, „სპაერი“ კი, რომელიც ქვედა დივიზიონში ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, გადმოსასვლელ პლეი-ოფში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. თბილისელებმა გასულ წელს „გაგრა“-სთან, პენალტების სერიით, წააგეს.
ვნახოთ, როგორ ფორმაში შეხვდება „Crystalbet ეროვნული ლიგა“-ის 2024 წლის სეზონს „თელავი“, მისი მეტოქე კი უმაღლესში აღზევებას ისევ მეორე ლიგიდან შეეცდება.
ამით საქართველოს ჩემპიონატის 2023 წლის სეზონი დასრულებულია: უმაღლესში გადმოსასვლელ ორივე პლეი-ოფში, პირველი დივიზიონის გუნდმა გაიმარჯვა - „თელავი“-ს გარდა, „სამტრედია“-მ საგარეჯოს „გარეჯი“, ორი მატჩის ჯამში, 5:4 დაამარცხა.
ჩვენს ჩემპიონატში დაახლოებით 2.5-თვიანი პაუზა გამოცხადდა და ახალი სეზონი 2024 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყება.