ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მატჩს გამოეთიშა, სერიოზული შეცდომა დაუშვა“ | როგორ შეაფასეს იტალიაში ხვიჩას თამაში

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი შეხვედრა 0:1 დათმო. აი, ასე გამოეხმაურა იტალიური პრესა „კვარას“ თამაშს:

Eurosport: „ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მოულოდნელად, გოლის გატანის შანსი ვერ გამოიყენა. ყვითელი ბარათი მიიღო და ფსიქოლოგიურად, მატჩს გამოეთიშა. უფრო გამოთიშული ვერ იქნებოდა“.

Sportmediaset: „ოსიმენმა პასი გადააწოდა და მას მხოლოდ ზუსტად უნდა დაერტყა. ამის ნაცვლად, ქართველმა ფეხბურთელმა შანსი გაანიავა და ბურთი კარს ააცილა. ხვიჩას სერიოზული შეცდომა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, გატის ბურთი გაარტყა და ყვითელი ბარათი მიიღო“.

Tuttomercatoweb: „მეურვეობდნენ და ორმაგ და სამმაგ დაცვასაც ეთამაშებოდნენ. ამის შედეგი იყო ის, რომ გააჩერეს და აანერვიულეს. საწყის ტაიმში საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რაც პირველი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა. იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათი მიიღო და ტოპ დონეზე არ იმყოფება“.

Tuttonapoli: „სენსაციური შეცდომა დაუშვა, როცა ოსიმენმა შოკოლადი მიართვა. ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორად ითამაშა. ანერვიულდა და რბოლა დატოვა. კვარას გაფუჭებული მომენტი ნაპოლის ლოდივით დააწვა“.

Calcionapoli24: „თამაში მეორე ფლანგზე განვითარდა. მას მარცხენა მცველი ზურგს არ უმაგრებს და ეს ეტყობოდა. 28-ე წუთზე გაფუჭებული მომენტი მისნაირი ფეხბურთელისგან ამოუხსნელი მოვლენაა. ყვითელი ბარათის თავიდან არიდება შეიძლებოდა. მეორე ტაიმი კარგად დაიწყო, მაგრამ სამმაგი დაცვა დაუყენეს“.

Football Italia: „ნაპოლის საუკეთესო შანსი გაანიავა და ვოიცეხ შჩესნის წინააღმდეგ პირისპირ დარჩენილმა ბურთი კარს ააცილა. იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათი მიიღო, რომლის თავიდან არიდებაც შეიძლებოდა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 24 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგაა, რომლის ეგიდითაც, „ბრაგასთან“ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის მეფე გახდა | მამარდაშვილის 5 სეივი ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა
მატჩის მეფე გახდა | მამარდაშვილის 5 სეივი ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა