სოსო ტყემალაძე, რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

იოსებ ტყემალაძე ნაკრების ახალ მწვრთნელზე:: რიჩარდ კოკერილთან ბოლო დეტალებს ვაგვარებთ

22 ნოემბერს, ფრანგულმა L’Equipe-ი წერდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა 52 წლის ინგლისელი სპეციალისტი, რიჩარდ კოკერილი დანიშნულიყო.

დღეს კი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ Youtube არხზე („რაგბი ჯენტლმენების თამაში“) სტუმრობისას საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხზე ისაუბრა.

ტყემალაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ინგლისელ სპეციალისტთან, რიჩარდ კოკერილთან ბოლო დეტალები დარჩა შესათანხმებელი, რომელიც მალე თბილისში იქნება და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს.

„მას შემდეგ, რაც ლევან მაისაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდა და ახალი სპეციალისტის ძიება დავიწყეთ.

თითქმის ყველა შესაძლო კანდიდატი განვიხილეთ, ედი ჯონსი იქნებოდა, თუ ჯოშ სმიტი, თითქმის ყველას ვესაუბრეთ. ჩვენ არჩევანი ისეთ მწვრთნელზე უნდა გავაკეთოთ, რომელსაც ერთის მხრივ აქვს ამბიციები, რომ აჩვენოს და დაამტკიცოს თავის წარმატება, მეორეს მხრივ იყოს შეთავსებადი ჩვენს კულტურულ ნაწილთანაც. გასათვალისწინებელია ფინანსური საკითხიც, ყველა მწვრთნელი თავისი სისტემით მოდის, სისტემას სამიდან ხუთი კაცი მაინც მოჰყვება. თუ ჩვენ გვინდა, რომ მწვრთნელმა პასუხისმგებლობა აიღოს, ეს თავისუფლება უნდა მივცეთ, რაც ბიუჯეტთან არის დაკავშირებული.

პრინციპში, აღარც არის დასამალი, რომ ინგლისელი მწვრთნელი, რიჩარდ კოკერილი ჩამოდის, რათა მასთან უფრო ახლო მოლაპარაკება გვქონდეს. მასთან მიკროდეტალები დაგვრჩა შესათანხმებელი და იმედია, ამას შევძლებთ. როგორც კი შეთანხმება შედგება, პრესკონფერენციას ჩავატარებთ და ყველაფერზე ვისაუბრებთ.

რაც შეეხება კოკერილს, მასზე ძალიან ბევრი ადამიანს ვესაუბრეთ, მათ შორის იმ ქართველ მოთამაშეებს, ვისაც ის წვრთნიდა. კარგი ის არის, რომ შუა ხნის ასაკშია და სრული ჯანით და ახალი შემართებით შეუდგება საქმეს. ინგლისის ნაკრებში მწვრთნელობის დაახლოებით ექვსი თვის გამოცდილება აქვს, მანამდე მათ სამწვრთნელო შტაბში იყო და ინგლისი რა სისტემებთ აწყობს თავის გეგმებს ეს ყველას კარგად მოეხსენება.

კარგია ასევე, რომ მას ედინბურგში ფრენჩაიზთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ამავე დროს შავი ლომიც უნდა ჩაიბაროს, რათა გუნდი და ნაკრები ერთ სისტემაში მოაქციოს. ჩვენი შეთავაზება კოკერილისადმი ორივეს მოიცავს, მან ორივეზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რაც ასევე დიდი გამოწვევაა.

რიჩარდთან ახლოს ვართ შეთანხმების მიღწევასთან, მხოლოდ დეტალებია დარჩენილი. თუ შევთანხმდებით გრძელვადიან შეთავაზებას მიიღებს. ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, კონტრაქტი იქნება ოთხწლიანი – ერთ პლუს ერთი, პლუს ორი, ან 1+3 და ჩვენ გამოსაცდელ პერიოდს დავიტოვებთ“.

- განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფორმის აღდგენას ვეღარ ვასწრებ“ | ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა დაასრულა
„ფორმის აღდგენას ვეღარ ვასწრებ“ | ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა დაასრულა