ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„კვარა მახრჩობელა სიტუაციიდან უნდა გავათავისუფლოთ“ - მაცარი იუვესთან მატჩის წინ

ხვალ, იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა მაცარიმ:

როდესაც აქ ჩამოვედი, მალევე მივხვდი, რომ პირველივე შეცდომაზე გოლს ვუშვებთ და შემდეგ, მალავე მეორეს ვიღებთ. ვეცდები, სწორედ ამაზე ვიმუშაო, რომ გუნდს სწორი ბალანსი მივცე და ეს სენსაციური კონტრშეტევები არ დავუშვა, რომელიც გუნდს ჩემს მოსვლამდე ახასიათებდა. დიდ გუნდებს ბალანსი უნდა ჰქონდეთ და ბევრ გოლს არ უნდა უშვებდნენ. სწორედ ეს არის ჩემი სამუშაო. როდესაც მოვედი, პირველივე მატჩი მოვიგეთ და შემდეგ დისბალანსი დაიწყო. ინტერთან პირველ ტაიმში შეტევაში კარგად ვითამაშეთ და ვეცდებით, ეს ყველა თამაშში გავიმეოროთ. თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ ამაზე. „იუვენტუსთან“ მატჩი დამეხმარება იმის გაგებაში, მივაღწიეთ თუ არა გარკვეულ პროგრესს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება იტალიაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ.

არსებობს თუ არა ფიზიკური პრობლემები? არ მინდა კომუნიკაციის კუთხით გულუბრყვილო ვიყო და ისეთი რაღაცები ვთქვა, რამაც შესაძლოა ფეხბურთელების, ან ჩემი წინამორბედის პროფესიონალიზმი შეარყიოს. გარკვეულ შეფასებებს საკუთარ თავში დავიტოვებ.

აკლია, თუ არა გუნდს სული? ფეხბურთში სული ყოველთვის საჭიროა და ბიჭებმა უკვე მაჩვენეს, რომ სულს ბოლომდე სწირავენ. მთავარია, დარწმუნებულები იყვნენ მწვრთნელის მიერ მიცემულ დავალებებში და ამ მხრივ, გუნდთან მჭიდრო კავშირს ნამდვილად ვხედავ. მაქვს განცდა, რომ დიდი მოგზაურობა დავიწყეთ. ვფიქრობ, იღბალიც გვჭირდება, გოლების გასატანად კი ბრწყინვალება გჭირდება, რაც ალბათ გვაკლია. შემდეგ კი ფსიქოლოგიური ასპექტები. გუნდს უკვე ყველა მოწინააღმდეგე აფასებს და ბუნებრივია, რომ ამის გამო გარკვეული წარუმატებლობაც არსებობს. ვფიქრობ, პროგრესი უკვე ვნახე და ხვალ მორიგ შემოწმებას ველოდები.

დანაკლისი? მარიო რუი ნამდვილად ვერ ითამაშებს, ოსიმენი კი დიდი ხანია რაც გამოჯანმრთელდა და ყველაფერი ნორმაში აქვს. ბუნებრივია, მას გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ფორმა 100%-ით აღიდგინოს.

სატრანსფერო ბაზარი? თუ პრეზიდენტი მომისმენს, თვის ბოლომდე უკეთ მეცოდინება დაგვჭირდება თუ არა რომელიმე პოზიციაზე ფეხბურთელის დამატება.

რა უნდა გავაკეთოთ „იუვესთან“ გამარჯვებისთვის? უნდა ვიყოთ კომპაქტურები, დაცვაში ნაკლები შეცდომა დავუშვათ და არ მივიღოთ კონტრშეტევები.

კვარა მოედნის ცენტრში? კარგი კითხვაა. ზოგადად, როდესაც გუნდი სკუდეტოს იგებს, ის ამას კარგად ნაცნობი და ძლიერი მოთამაშეების ხარჯზე აკეთებს. შემდეგ, ეს მოთამაშეები მწვრთნელებისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც პროგნოზირებადი ხდებიან. ამის გამო, ისინი ხშირად გაორმაგებული და გასამმაგებული წინააღმდეგობის ქვეშ ხვდებიან. მართალია, რომ კვარას ხშირად უწევს ასეთ სიტუაციაში თამაში, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილები, რითაც მას მახრჩობელა სიტუაციიდან გავათავისუფლებთ. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მასზე სამი ფეხბურთელი მიდის, ორ პოზიციაზე სივრცე თავისუფლდება და ეს სივრცეები უნდა ავითვისოთ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 8 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა დაემართა დუეტს, რომელიც ოქროს ბურთის რეიტინგში მოხვდა?“ - Gazzetta კვარა-ოსის აკრიტიკებს
„რა დაემართა დუეტს, რომელიც ოქროს ბურთის რეიტინგში მოხვდა?“ - Gazzetta კვარა-ოსის აკრიტიკებს