მარცხი დუბროვნიკთან - დინამომ ჩემპიონთა ლიგა 0 ქულით დაასრულა
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში თბილისის „დინამო“ „დუბროვნიკს“ ესტუმრა და სამწუხაროდ მორიგი მარცხი განიცხადა. სტანოევიჩის გუნდმა 13:19 წააგო.
აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და 5:5 დასრულდა. მეორე მეოთხედში უფრო მეტ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და 4:2 მოიგეს. პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში „დუბროვნიკის“ სასარგებლოდ 9:7 ფიქსირდებოდა.
მეორე ნახევარი თბილისელებმა ცუდად დაიწყეს. რამდენიმე უხეში შეცდომა დაცვაში და 2:6. აქ უკვე მარტივი მისახვედრი იყო, რომ მასპინძლები მოიგებდნენ.
ბოლო მეოთხედი კი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა - 4:4. ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, სტანოევიჩის გუნდს კვლავ 0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ეს ბოლო ტური იყო და სამწუხაროდ ქართულმა გუნდმა ერთი ქულაც ვერ აიღო.