ფერან ტორესი წავა? - ერთ-ერთი მიზეზი ვიტორ როკეა
ესპანური AS იუწყება, რომ შესაძლოა ფერან ტორესმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბარსელონა“ დატოვოს. ამის მთავარ მიზეზად ფეხბურთელის აგენტსა და ჩავი ერნანდესს შორის ცუდი ურთიერთობაა.
ტორესმა „ბარსელონაში“ საკმაოდ კარგად დაიწყო და პირველივე „ელ კლასიკოში“ გაიბრწყინა, თუმცა შემდეგ სეზონში რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერი შედგა და ფერანის სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად შემცირდა.
დღეს, ახალგაზრდა შემტევი ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ ის უნივერსალური ფეხბურთელია და შეტევის რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.
წყაროს ცნობით, ამ სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ „ბლაუგრანაში“ ვიტორ როკე მოდის, რომელიც ტორესის მსგავსად შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი შემტევი „ბარსელონას“ 2022 წლის პირველ იანვარს შეუერთდა. დღემდე ფერანმა „ბლაუგრანას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 90-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.