„მათ არ იციან ეს რა გრძნობაა“ - პეპმა ნევილსა და კარაგერს უპასუხა
პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ მაკრიტიკებელ ექსპერტებს ადგილი მიუჩინა და მათ მოსაზრებებს პასუხი საჯაროდ გასცა.
Sky Sports-ის ექსპერტები - ყოფილი ფეხბურთელები გარი ნევილი, ჯეიმი კარაგერი და მიკა რიჩარდსი - „სიტის“ გასულ სეზონში ტრებლის მოგების შემდეგ, თვითკმაყოფილებასა და ინერტულ თამაშში ადანაშაულებენ.
„ნევილმა იცის, რა რთულია (ზედიზედ მეოთხედ ტიტულის მოპოვება), წინააღმდეგ შემთხვევაში მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერლიგას ზედიზედ ოთხჯერ მოიგებდა, მაგრამ მათ ეს ვერ გააკეთეს. შესაძლოა, ისინი იუნაიტედში ასეთ რამეს განიცდიდნენ, სწორედ აქედან არის ეს განცხადებები. მაგრამ ეს არ ეხება ჩვენს გუნდს, ეს გამორიცხულია.
კარაგერს კი არასოდეს მოუგია პრემიერლიგა. მიკა რიჩარდსს არასოდეს მოუგია ზედიზედ 4-ჯერ. მართალი გითხრათ, ექსპერტებზე არაფერი მაქვს სათქმელი. ეს არ არის თვითკმაყოფილების საკითხი. შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია საქმე ამაში იყოს.
მე ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს. მაქვს განცდა, რომ თუ ამ დონეს შევინარჩუნებთ, პრემიერ ლიგას კვლავ მოვიგებთ.
არ მაქვს განცდა, რომ ნარცისულები ვართ ან ისე ვთამაშობთ, თითქოს პატივს არ ვცემთ მოწინააღმდეგეებს. მსგავსი არაფერია“,
- განაცხადა გუარდიოლამ.
14 მატჩის შემდეგ პეპის გუნდმა 30 ქულა დააგროვა და ამჟამად ცხრილში მე-3 ადგილზეა.