მილუოკიმ ნიუ იორკი გაანადგურა | ლეიკერსი ფინიქსს გადაურჩა
NBA-ის შიდასასეზონო ტურნირის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილი გახდა. „მილუოკი ბაქსმა“ „ნიუ იორკ ნიქსი“ გაანადგურა - 146:122, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ კი „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგობა დაძლია - 106:103.
„მილუოკისა“ და „ნიუ იორკის“ შეხვედრაში ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში ვიხილეთ, რომელიც „ბაქსმა“ 3 ქულით მოიგო. მეორე ნახევარში, „ნიქსმა“ ვისკონსინელთა შეტევას ვერაფერი მოუხერხა და მათგან 71 ქულა მიიღო, თავად კი მხოლოდ 50 ჩააგდო.
„მილუოკის“ რიგებში 35 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 8 მოხსნით იანის ანტეტოკოუნმპო გამოირჩა. დემიენ ლილარდს 28 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა ჰქონდა. მალიკ ბიზლიმ 18 ქულა დააგროვა, კრის მიდლტონმა - 14. „ნიქსს“ 41 ქულით ჯულიუს რენდლმა ულიდერა. ჯეილენ ბრანსონს 24 ქულა ჰქონდა, არ ჯეი ბარეტს - 23.
განსხვავებული სცენარით განვითარდა „ლეიკერსისა“ და „ფინიქსის“ დაპირისპირება. გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა და ლოს ანჯელესელებმა ოსტინ რივზის უმნიშვნელოვანესი სამქულიანით მოიგეს.
„ლეიკერსის“ რიგებში 31 ქულით, 8 მოხსნით, 11 ასისტითა და 5 ჩაჭრით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. „მეფე“ კობი ბრაიანტის შემდეგ, „ლეიკერსის“ პირველი კალათბურთელია, რომელმაც მინიმუმ 20 ქულა, 10 პასი და 5 ჩაჭრა დააგროვა. ენტონი დევისს 27 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა, ხოლო ოსტინ რივზმა 20 ქულა მოაგროვა. „ფინიქსს“ 31 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა. დევინ ბუკერმა და გრეისონ ალენმა 21-21 ქულა ჩააგდეს.
ცნობისთვის, NBA-ის შიდასასეზონო ტურნირის ნახევარფინალები ასეთია: „მილუოკი ბაქსი“ – „ინდიანა პეისერსი“, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ – „ნიუ ორლეანს პელიკანსი“.