“ასე ნაკრებში ადგილს დაკარგავს“ - იტალიელი ჟურნალისტი ლოჩოშვილზე
სამწუხაროდ, ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხდება. ქართველი ფეხბურთელის გარშემო სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც „კომოსთან“ წითელი ბარათი მიიღო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Cuoregrigiorosso-ს ჟურნალისტი მიჩელ ლონდინი წერს.
რა თქვა ლონდინმა?
„ლუკა ლოჩოშვილი ამ მომენტისთვის გუნდიდან გამქრალია, თუმცა ვფიქრობ, რომ მას სასარგებლო რაღაცების გაკეთება ისევ შეუძლია. ქართველმა ფეხბურთელმა უკანასკნელად სერია ბ-ში „კომოს“ წინააღმდეგ ითამაშა და ძვირად დაუჯდა. მან წითელი ბარათი მიიღო და მას შემდეგ, ზედიზედ 6 თამაში გამოტოვა.
„კრემონეზეს“ მთავარი მწვრთნელი სტროპა თავისებური ადამიანია. თუ კარგად თამაშობ ძირითადში ხარ, თუ არა სათადარიგოზე. სწორედ ამის გამო, შესაძლოა ლუკას წითელი ბარათი ახლა ძვირად უჯდება. ლოჩოშვილი ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს, რადგან საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს. უთამაშებლობით კი ნაკრებში შეიძლება ადგილი დაკარგოს.
მიუხედავად ასეთი პერიოდისა, ლუკა გუნდში ერთადერთი ცაცია ცენტრალური მცველია და თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე „კრემონეზეს“ აუცილებლად დასჭირდება.“
შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილი იტალიურ გუნდში გასულ სეზონის დაწყების წინ გადავიდა, რა დროსაც „კრემონეზე“ სერია ა-ში თამაშობდა. დღემდე ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.