მასალის მომზადება დაგეგმილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო, თუმცა საპატიო მიზეზით დაგვიანდა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შეკრება დაიწყო და შეიძლება ითქვას, საკმაოდ ნაყოფიერადაც, რადგან გიორგი ჩიტაურის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მანუელ გონსალვეშ ჩუბინიძე 16 წლისაა და ბორნმუთის აკადემიის აღსაზრდელია. 1.75 სმ სიმაღლის ფეხბურთელი მემარჯვენეა და მარჯვენა ნახევარმცველ/შემტევად თამაშობს. მამა ქართველი ჰყავს - თორნიკე ჩუბინიძე, დედა პორტუგალიელი - კარლა გონსალვესი. სწორედ ამიტომ, მისი გვარი ქართულ-პორტუგალიურია. ჰყავს ძმა, ბიბლიური სახელით - დავითი, რომელიც მასზე 4 წლით უფროსია და რომლის პირველმა ნაბიჯებმაც ფეხბურთში, სპორტის ამ სახეობის შეყვარებისკენ გიორგისაც უბიძგა.
4 წლისაც არ იყო, როდესაც ფეხბურთზე სიარული დაიწყო და მისმა ოჯახმა BSS -ში (Brazilian soccer schools) შეიყვანა, სადაც მისი უფრო ძმა, დავითი ვარჯიშობდა და სადაც მამა, თორნიკე ჩუბინიძე, ერთ-ერთი დამხმარე მენეჯერი გახლდათ.
რედინგის, საუთჰემპტონის, ბრისტოლ სითის, ბრისტოლ როვერის, ასევე, ბორმუთის დაინტერესება მალევე იყო, მაგრამ მამას სურდა, რომ პატარა ფეხბურთელს მოგება-წაგების გემო საწყის ეტაპზევე ეგრძნო.
ვარჯიშების გარდა, მამას გიორგი სხვადასხვა შეჯიბრზე გამუდმებით დაჰყავდა და დღემდე ასეა. თამაშებსაც ერთად განიხილავენ.
თორნიკე ჩუბინიძე (მამა):
,,მახსოვს, ერთხელ ასეთი მომენტი გვქონდა: 3-4 თვის ვარჯიშის შემდეგ, გიორგიმ გამოგვიცხადა, რომ ვარჯიშზე სიარული აღარ სურდა, 2-3 თვე დაისვენა, მაგრამ ერთ დღესაც, დილით ადრე, გამზადებული მაღვიძებს: მამა, როდის მივდივართ ვარჯიშზე? გამიკვირდა, მაგრამ აღარაფერი ვუთხარი... წავედით და მას შემდეგ, არასოდეს გაჩერებულა, სულ ვარჯიშობს“.
2022 წლის დეკემბერში, გიორგი ინგლისის ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს. საინტერესოა, რომ მას თამაში პორტუგალიასა და კაბო-ვერდშიც შეუძლია, მაგრამ საქართველო მისი არჩევანია.
,,5 წლის იყო, როდესაც საქართველოდან 5-ნომრიანი მაისური ჩავუტანე, ჩაიცვა, მომიბრუნდა და მითხრა: ნუ გეშინია, გპირდები, რომ ერთ დღეს საქართველოს ნაკრებში ვითამაშებო... ძალიან დიდი შრომის შემდეგ, ოცნებას მიაღწია“.
მშობლებს მისთვის არასოდეს არაფერი დაუძალებიათ, როგორც ეს ვარჯიშების შეწყვეტის დროს იყო, გიორგის არჩევანის თავისუფლება ჰქონდა და მშობლები მის გადაწყვეტილებას პატივს ყოველთვის სცემდნენ, შესაბამისად, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაში სრულად გიორგის არჩევანია.
გიორგი საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 14 წლის ასაკში გამოიძახეს, 15 წლის ასაკში კი 16-წლამდე ნაკრებშიც ითამაშა:
,,პირველად რომ გამოიძახეს, საოცარი ემოციები იყო. როგორც სტაფი, ისე ნაკრების ფეხბურთელები, გიორგის ძალიან დაეხმარნენ, თბილად დახვდნენ, თავი ისე აგრძნობინეს, როგორც სახლში. ძალიან მადლიერები ვართ. მაშინ, გიორგის ენის ბარიერი ჰქონდა, ბარიერი ახლაც აქვს, მაგრამ ქართულს უკვე სწავლობს”.
როცა საქართველოს ნაკრებში მეორედ გამოიძახეს, ფეხბურთელმა ჰიმნის სწავლა გადაწყვიტა. როგორც მამა გვიყვება, უთქვამს: საქართველოში ისე არ ჩავალ, ნაკრებთან ერთად ჰიმნი რომ არ ვიმღეროო. შეკრებამდე, 1 კვირა გამუდმებით YouTube-თან იჯდა და საქართველოს ჰიმნს ეტაპობრივად სწავლობდა.
გიორგი გონსალვეშ ჩუბინიძე (U17)
სადებიუტო გოლი ოცნების ახდენა იყო. თავი ზღაპარში მეგონა. მე-4 წელია ბორნმუთის აკადემიაში ვარ და უამრავი გოლი გამაქვს, მაქვს საგოლე გადაცემებიც, მაგრამ საქართველოს ნაკრებში გატანილი სადებიუტო გოლის ემოცია რთული გადმოსაცემია. მახსოვს, არაფრის კეთება არ შემეძლო, მხოლოდ ვყვიროდი. ნაკრებში მეორე გოლი პირველზე უკეთესი გამოვიდა, ემოციურადაც ავღნიშნე, მაგრამ პირველი ემოციები მაინც დაუვიწყარია.
თორნიკე ჩუბინიძე (მამა):
,,ქართველ ფეხბურთელებზე ბავშვობიდან, გამუდმებით ვუყვებოდი და ვიდეოებსაც ვაჩვენებდი: იქნებოდა ეს ქეცბაია, ქინქლაძე, არველაძეები თუ სხვა ფეხბურთელები. შემდეგ, ახალი თაობა წამოვიდა. ნაკრების თითოეული ფეხბურთელი უყვარს, მაგრამ დღეს, კვარა მისთვის განსაკუთრებული ვარსკვლავია“.
სწორედ ხვიჩას და საქართველოს ეროვნული ნაკრების სიყვარულმა გადააწყვეტინა მამასთან ერთად, შოტლანდიის ქალაქ გლაზგომდე, მანქანით, დაახლოებით 800 კილომეტრის გავლა და ეროვნული გუნდის მატჩზე დასწრება. შოტლანდიის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე (შოტლანდია 2-0 საქართველო), ჰემპდენ პარკზე ჩავიდა და ნაკრების წევრებსაც სრულიად შემთხვევით შეხვდა, რის შემდეგაც, მათგან კომპლიმენტები და კეთილი სურვილები მიიღო.
16 წლის გიორგის არასოდეს დაავიწყდება მისთვის გამორჩეულად საყვარელი, ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვები: ,,თუ ასე გააგრძელებ, რამდენიმე წელში, ჩვენს გვერდით ითამაშებ!“
,,შოტლანდიაში მოგზაურობა მართლაც დაუვიწყარია (რომ მოგვეგო, საერთოდ სასწაული იქნებოდა), ასეთ თავგადასავალს არ ველოდით. მატჩის საყურებლად ჩავედით. სასტუმროსთან ბატონი ალექსანდრე იაშვილის სანახავად მივედით, რადგან გიოსთვის მატჩზე დასასწრები 2 ბილეთი უნდა ეჩუქებინა. უცებ ნაკრების ავტობუსი გაჩერდა, ფეხბურთელები გადმოვიდნენ. ჩვენ მოშორებით ვიდექით და სურათებს ვიღებდით. გულშემატკივრები კვარას ავტოგრაფებს სთხოვდნენ, მაგრამ გამოგვხედა თუ არა, ჩვენსკენ წამოვიდა. გიორგის ეუბნება: შენ გიორგი არ ხარ, ნაკრებიდანო? გიო გაკვირვებული და ემოციებით სავსე სახით მიყურებს: მამა, კვარა მე მელაპარაკება? ბოლოს, ხვიჩა ორივეს გადაგვეხვია.
ნაკრების სტაფს და სხვა ფეხბურთელებსაც შევხვდით. ბიჭებმა გიორგის უთხრეს, რომ მას იცნობდნენ და თითოეული მათგანი წარმატებას უსურვებდა".
,,კვარამ, ბიჭებთან ერთად მიმართა: თუ ასე გააგრძელებ, 3-4 წელში, ჩვენს გვერდით აუცილებლად ითამაშებო... ამაზე საერთოდ გაგიჟდა!“ სასტუმროში რომ დავბრუნდით, ღამის 12 საათამდე ვერ იძინებდა, ვერ ხვდებოდა რა მოხდა, ემოციებში იყო. მეგობრებს ურეკავდა და ყველაფერს დეტალურად უყვებოდა".
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, ელიტ-რაუნდის მზადების პროცესში, დეკემბერში, შეკრებას გაივლის და თურქეთს დაუპირისპირდება, თუმცა აღნიშნულ შეკრებას გიორგი გამოაკლდება, რადგან დატვირთული გრაფიკის გამო, გამოცდები ჩასაბარებელი დარჩა, რაც კარიერის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
გიორგიმ 4 გამოცდა უკვე ჩააბარა, თუმცა დეკემბრის სასწავლო არადადეგებამდე, 2 გამოცდა კიდევ ელის.
თორნიკე ჩუბინიძე (მამა):
,,თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, 4 დღე ვარჯიში (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი) პარასკევს, სკოლის შემდეგ, უკვე სპორტდარბაზის დროა, ისევე როგორც ეს კვირის დღეებში, დილაობით ხდება, შაბათს თამაში და კვირას, შესაძლოა, კვლავ ვარჯიში მოუწიოს. ქართულს ნელ-ნელა, შეძლებისდაგვარად სწავლობს. მასწავლებელიც ჰყავს, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს პროცესი შეჩერდა, რადგან ძალიან გადატვირთულია, საგამოცდო წელი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 6-7 კვირა გაუცდა. ამიტომ დამატებით სწავლობს, რომ პროგრამებს დაეწიოს“.
,,გიორგი ქართულად, მართლმადიდებელ ქრისტიანად არის მონათლული. ჯვარს ატარებს, ლოცულობს, წმინდა გიორგის ხატი აქვს: ორივე შვილს, ბავშვობიდანვე, საკუთარ ოთახებში ხატები ჰქონდათ. საქართველოში რომ ჩამოვდივართ პირველი, რასაც აკეთებს არის ის, რომ ეკლესიაში სანთლებს ანთებს, ლოცულობს, ეკლესიაში რომ არ წავიდეს, ისე შეკრებაზე არ წავა“.
აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, 1 წლით ადრე, გიორგი მანუელ გონსალვეშ ჩუბინიძემ მომავალი წლის, U18-ის სკოლარშიპი მიიღო, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ნახევრად- პროფესიული კონტრაქტია. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელი საცხოვრებლად ქალაქ ბორნმუთში გადავა, სადაც უფასო საცხოვრებელი ექნება, აკადემია მის განათლებას უზრუნველყოფს და ხელფასსაც გადაუხდის. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი თავს გამოიჩენს, შემდეგი ნაბიჯი U23-ში დაწინაურება იქნება, რაც დამატებით ბენეფიტებს მოიცავს.
View this post on Instagram
ჯერ-ჯერობით კი, გიორგი ოჯახთან ერთად, ლოდონის სამხრეთით მდებარე ქალაქში, ენდოვერში ცხოვრობს და კვირაში 4-ჯერ, სავარჯიშოდ დაახლოებით 200-200 კილომეტრის გავლა, მამასთან ერთად უწევს.