შოთა არველაძე
Aa
Aa

Showtime Arveladze | ნიდერლანდური გამოცემის სტატია ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელზე

ნიდერლანდურმა გაზეთმა, Ajax Life-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, შოთა არველაძეს მიუძღვნა. მისმა ავტორმა არველაძეს „ემოციური ჯადოქარი“ უწოდა და ცნობილი ფოტოგრაფის, რონ რიხელის არქივიდან შოთის ერთ-ერთი ფოტო გაიხსენა.

„1997 წელს, მორტენ ოლსენის აიაქსმა ახალი ფეხბურთელები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან დაიმატა. ტრაბზონსპორიდან გადასულმა ქართველმა მოთამაშემ ამსტერდამელთა გულშემატკივრების გულები მოიგო და Showtime Arveladze გახდა. შოთას საოცარი გოლების გატანა ისე გამოსდიოდა, როგორც არავის. მას კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ჰქონდა და ემოციებს ყოველთვის დამაჯერებლად გამოხატავდა. 2000 წელს, მან გაიტანა გოლი, რომლის აღნიშვნის დროსაც რონ რიხელის ობიექტივის ცენტრში მოექცა. ემოცია, რომელიც მის სახეზეა გამოსახული, იმედგაცრუებისა და სიხარულის ნაზავი გახლავთ.

მორტენ ოლსენთან ნამუშევარი პერიოდი (1997-98 წლები) არველაძისთვის სასიამოვნო იყო. ის თავის ახალ თანაგუნდელებთან, ძმებ დე ბურებთან, მიკაელ ლაუდრუპთან, სანდეი ოლისესთან და ტიჯანი ბაბანგიდასთან ერთად, ნიდერლანდურ სტადიონებს აჯადოებდა და მეტოქეებს ანადგურებდა. ზემოთ მოყვანილი ფოტო კი გადაღებულია სეზონში, როცა აიაქსი თავის 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა და მაშინ, თბილისელ ჯადოქარს განსხვავებული პერიოდი ედგა. იმ წელს, მას მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა, რაც გარკვეული დროის განმავლობაში, სახუმარო თემად იყო ქცეული.

აიაქსის გასახდელში გავრცელებული ხუმრობა მის ტყუპისცალს, არჩილს უკავშირდებოდა, რომელიც ბრედას რიგებში თამაშობდა. „მუხლი მაჩვენე, მუხლი მაჩვენე“, - ეუბნებოდა სათადარიგო მეკარე, ფრედ გრიმი არველაძეს, რათა ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ნაიარევით დარწმუნებულიყო, რომ მის წინ შოთა იდგა და არა არჩილი.

2000 წელს, აიაქსმა კიდევ ერთი ემოციური ფორვარდი დაიმატა და ნიკოს მახლასი შეიძინა, რის შემდეგაც, ძირითადი შემადგენლობისთვის 3 თავდამსხმელს უნდა ებრძოლა, მაგრამ ბენი მაკარტი სელტაში გადავიდა და ბრძოლა ორმა „ცხრიანმა“ განაგრძო. 1999/2000 წლების სეზონში, მახლასმა, ერედივიზიეში, 2037 წუთი ითამაშა, არველაძემ - 1013. ბერძენმა ფეხბურთელმა 14 გოლი გაიტანა, ქართველმა - 5.

და მაინც, მახლასი „ამსტერდამის სიცილის გაზი“ გახდა, არველაძე - Showtime Arveladze. ბერძენი ფეხბურთელი ტირილთან და გლოვასთან ასოცირდება, არველაძე კი დაგვამახსოვრდა, როგორც მოცეკვავე თავდამსხმელი, რომელსაც გიჟური გადაწყვეტილებებით, თამაშითა და სახეზე გამოსახული უდიდესი სიხარულით ან სევდით შენი მოჯადოება შეეძლო“, - წერს ნიდერლანდური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ არველაძეს „აიაქსის“ მაისურით 125 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 72 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს გოლი წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა“ - ხვიჩა პრიზის ჩაბარების შემდეგ
„ეს გოლი წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა“ - ხვიჩა პრიზის ჩაბარების შემდეგ