„ეს გოლი წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა“ - ხვიჩა პრიზის ჩაბარების შემდეგ
გუშინ, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი მილანში იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის (Gran Galà del Calcio) წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და მორიგი აღიარებაც მოიპოვა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა გასულ სეზონში, ხვიჩას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი გოლი სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელეს და ქართველ ფეხბურთელს შესაბამისი პრიზიც გადასცეს.
ჯილდოს ჩაბარების შემდეგ, კვარაცხელიამ ღონისძიებათა დარბაზში დამსწრე საზოგადოებას მიმართა და დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
რა თქვა ხვიჩამ:
მადლობა ყველას, რომ ხმა მომეცით, თუმცა, სხვებიც ძალიან კარგები იყვნენ. ეს არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი გოლი. როცა გავიტანე, მხოლოდ მას შემდეგ აღმოვაჩინე, თუ როგორი ლამაზი იყო.
ეს არ ყოფილა ერთადერთი აღიარება, რომელიც კვარამ მოიპოვა. ღონისძიებაზევე გასული სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელეს, რომელშიც ქართველი ფეხბურთელიც შეიყვანეს, მის გარდა კი „ნაპოლიდან“ ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა და კიმ მინ ჯე გამოარჩიეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, სეზონის ბოლოს კი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.