ლუკა კურტანიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია
Aa
Aa

„თავს ვალდებულად ვთვლით, განცხადება გავავრცელოთ“ - ჭიდაობის ფედერაციის პასუხი კურტანიძეს და ოლიმპიურ კომიტეტს

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ვეტერანი მოჭიდავის, ლუკა კურტანიძის განცხადებას ეხმაურება და მას სიცრუის აფიშირებაში ადანაშაულებს.

რა წერია ფედერაციის Facebook-გვერდზე:

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას არ უნდოდა პოლემიკის წამოწყება ისეთ დამსახურებულ და სახელოვან სპორტსმენთან, როგორიც არის ელდარ კურტანიძე, ამიტომ მის მიერ  30 ნოემბერს გავრცელებული განცხადება, ცრუ ბრალდების მიუხედავად, უპასუხოდ დავტოვეთ, მაგრამ რაკი მან ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა და ოლიმპიურმა კომიტეტმა რეაგირება არ დააყოვნა, თავს ვალდებულად ვთვლით, განცხადება ჩვენც გავავრცელოთ.

თავდაპირველად ამ ამბით დაინტერესებულ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს!

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს კი მივმართავთ თხოვნით, მოერიდოს სიცრუის გავრცელებას, რადგან ეს მხოლოდ მის დისკრედიტაციას იწვევს. ოლიმპიურ კომიტეტს შეეძლო დაეზუსტებინა ინფორმაცია საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან ან ყრილობის ნებისმიერ მონაწილესთან, რომლებიც არანაკლებ დამსახურებული სპორტსმენები არიან. არასერიოზულად მიგვაჩნია ოლიმპიური კომიტეტის მიერ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ცრუ განცხადების შეუმოწმებლად გავრცელება.

გაწვდით დეტალურ ინფორმაციას ქრონოლოგიის დაცვით:

ერთი წლის წინ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ელდარ კურტანიძემ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე, პირადი პრობლემების გამო, ითხოვა გათავისუფლება, როგორც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან, ასევე - პრეზიდიუმის წევრობიდან, მერე კი პრეზიდიუმის დატოვების შესახებ განცხადება სოციალური ქსელის პირად გვერდზეც გაავრცელა. სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ელდარ კურტანიძეს, პირადი გადაწყვეტილებით, აღარც ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატში მიუღია მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ელდარ კურტანიძეს განემარტა პრეზიდიუმიდან გასვლის წესი, მას ფედერაციისთვის წასვლის შესახებ წერილობითი განცხადებით არ მიუმართავს და ამის გამო იურიდიულად კვლავ ჰქონდა პრეზიდიუმის წევრის სტატუსი. 2023 წლის 31 მაისს და 16 ნოემბერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმი კვლავ შეიკრიბა. შეტყობინება სხდომაზე მიწვევის შესახებ, ფედერაციის წესდების შესაბამისად, ელდარ კურტანიძემაც მიიღო, მაგრამ იგი პრეზიდიუმის სხდომას არ დასწრებია.

2023 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყრილობის დაწყებამდე, მან დარბაზში მყოფ ყრილობის დელეგატებს სთხოვა სიტყვით გამოსვლის უფლება და მათ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. თქვა, რომ ფედერაციაში მოვიდა, რათა ყველას გამომშვიდობებოდა და მადლობელი იყო ყველაფრისთვის. იქვე, საკუთარი ინიციატივით, ხელმეორედ მიიღო ფედერაციის იურისტის კონსულტაცია პრეზიდიუმის დატოვებასთან დაკავშირებით. ელდარ კურტანიძეს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ ან თავად უნდა მისულიყო საჯარო რეესტრში და დაეწერა განცხადება, ან ფედერაციაში წარმოედგინა ნოტარიულად დადასტურებული წერილი პრეზიდიუმიდან წასვლის შესახებ.

ელდარ კურტანიძემ ყრილობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა, დაემშვიდობა და ფედერაციიდან წავიდა, ყრილობის დამთავრებამდე კი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის პირად გვერდზე ცრუ განცხადება გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძის შემდეგ განცხადება ოლიმპიურმა კომიტეტმაც გაავრცელა, რომელშიც ვეტერანი მოჭიდავის ყრილობაზე არდაშვების გამო მწუხარება გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რჩება შთაბეჭდილება, რომ პასუხისმგებლობას ბოლომდე ვერ აცნობიერებენ“ | სეოკ-ის განცხადება კურტანიძის ინციდენტზე
„რჩება შთაბეჭდილება, რომ პასუხისმგებლობას ბოლომდე ვერ აცნობიერებენ“ | სეოკ-ის განცხადება კურტანიძის ინციდენტზე