ტოტენჰემი, მადრიდის რეალი, ლუკა მოდრიჩი
Aa Aa

ომში გაზრდილი ტალანტი, მოკლული ბაბუა და ხორვატების ზიზღი - მოდრიჩის ცხოვრება

მინდა, რომ დღეს ეს წაიკითხოთ.. ლუკა მოდრიჩის ბავშვობის ისტორია რაღაც არაამქვეყნიურია.. ის იმდენად აბსურდულია, რომ ფილმის სცენარი გეგონებათ..

ის ფაქტი, რომ ხორვატი ნახევარმცველი ამდენი დაბრკოლების შემდეგ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გახდა, დამაფიქრებელია..

ჯერ კიდევ მის პატარაობაში ხორვატიაში ომი დაიწყო. ლუკას ბაბუა მოკლეს, მისი სახლი დაწვეს და მოდრიჩების ოჯახი ლტოლვილი გახდა. ისინი ცოცხლები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ თავი მიწისქვეშა ბუნკერს შეაფარეს..

ამ ყველაფრის ფონზე, „რეალის“ ვარსკვლავმა თავისი ტალანტი მაინც გამოავლინა. წლების განმავლობაში სხვადასხვა გუნდები უარს ეუბნებოდნენ, მაგრამ მოდრიჩი შრომას აგრძელებდა, არ ჩერდებოდა და ბოლოს ეს ყველაფერი დაუფასდა..

სამწუხაროდ, ტრაგედიებზე და ცუდ მოვლენებზე წერას აქ არ ვასრულებ..

მაშინაც კი, როცა მოდრიჩმა 2018 წელს ოქროს ბურთი მოიგო, თავის ქვეყანაში კიდევ ბევრს სძულდა.. მეტიც, ის კინაღამ ციხეში ჩასვეს..

ეს ლუკა მოდრიჩის დაუჯერებელი ისტორიაა.. ასე რომ, ისიამოვნეთ..

ერთხელ ხორვატ ნახევარმცველს ჰკითხეს იცოდნენ, თუ არა მისმა შვილებმა თავისი ბავშვობის ისტორია, რაზეც ლუკამ უპასუხა: „არა, მათთვის იმ ყველაფრის შესახებ არაფერი მომიყოლია. მათ ჩემი ძველი სახლი ნახეს, მაგრამ არ მითქვამს რა მოხდა. ისინი ჯერ კიდევ ძალიან პატარები არიან და ამის მოსასმენად მზად არ იყვნენ..“

დარწმუნებული ვარ თქვენ, ვინც ამ ბლოგს კითხულობთ გაინტერესებთ რა შეემთხვა მოდრიჩს ბავშვობაში..

ის სახლი, რომელზეც ლუკა საუბრობდა ახლა დანგრეულია. კედლები დამწვარია, ხოლო სახურავი ჩანგრეული. თუ ამ სახლთან გაივლით, იქვე ახლოს დაგხვდებათ წარწერა "ne prilazite"..

იქაურობა სიმბოლოა იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიძულვილს. ომი, საშინელი ტანჯვა.. “ne prilazite”(ახლოს არ მოხვიდე) ამ ყველაფერს ნათლად აღწერს..

ომიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა მოდრიჩის სახლამდე მისასვლელი გზა(დაახლოებით 30 მეტრი) ბომბებისგან მთლიანად დაზიანებულია და აღდგენილი არ არის..

დავუბრუნდეთ დასაწყისს.. ხორვატი ფეხბურთელის ცხოვრება ასე ცუდად არ დაწყებულა. მისი დაბადების დროს, ომი ჯერ კიდევ არ იყო ისეთი ჯოჯოხეთური, როგორიც შემდეგ გახდა..

მოდრიჩი 6 წლის განმავლობაში ბებიასთან და ბაბუასთან ერთად მთაში ცხოვრობდა, სადაც ბაბუა მას თევზაობას და ნადირობას ასწავლიდა. მისი სურვილი იყო, რომ ლუკას თავის გადარჩენისთვის ყველა საჭირო უნარი ჰქონოდა..

თითქოს ბაბუამისმა წინასწარ იცოდა რა მოხდებოდა ქვეყანაში. მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ლუკა თავის გადარჩენას შეძლებდა იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე დაემართებოდა.. და ასეც მოხდა..

1991 წელს, ომმა ახალი ფორმა მიიღო.. ხორვატიაში სერბული დაჯგუფება შევიდა, რომლებიც „ჩეტნიკების“ სახელით იყვნენ ცნობილები.. ისინი ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი სახლის დატოვებას აიძულებდნენ. ვინც დარჩენას ბედავდა, მათ კლავდნენ..

სერბებმა მოდრიჩის მშობლიურ ქალაქამდეც მიაღწიეს. „რეალის“ სუპერვარსკვლავის ოჯახი იყო იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც დარჩენა გაბედა.. შესაძლოა სჯეროდათ, რომ მათი სახლი მთაში შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა..

ბაბუამ სახლი დატოვა და ცხვრები საძოვრისკენ წაიყვანა, რა დროსაც რაღაც ხმა გაიგო. ის მიხვდა, რაც ხდებოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო..

„ჩეტნიკებმა“ მოდრიჩის ბაბუა იპოვეს.. მათ არ აინტერესებდათ, რომ ის 66 წლის იყო.. არ აინტერესებდათ, რომ ის უბრალოდ ცხვრებს უვლიდა.. უბრალოდ, გართობის მიზნით ავტომატებით ადგილზე ჩაცხრილეს..

ოჯახმა სროლის ხმა გაიგო, რადგან ეს ყველაფერი რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მოხდა. ხვდებოდნენ რა შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ გარეთ გასვლას ვერ ბედავდნენ. მოდრიჩის ოჯახი შეეგუა იმ ფაქტს, რომ გაურკვევლობაში უნდა ყოფილიყვნენ.. არ იცოდნენ ბუბუა ცოცხალი იყო, თუ მკვდარი..

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტი ეჭვი ჩნდებოდა.. საბოლოოდ, ლუკას მამა მის საძებნელად გავიდა..

მოდრიჩის მამამ ცხედარი იპოვა და სახლში გადაასვენა.. რა თქმა უნდა, ბაბუა დაკრძალეს და სწორედ იმ დღეს გადაწყდა, რომ მშობლიური სახლი უნდა დაეტოვებინათ..

წასვლიდან სულ მალე, ცნობილი გახდა, რომ მათი სახლი „ჩეტნიკებმა“ იპოვეს, დაწვეს და გარშემო ნაღმები დაამონტაჟეს, რათა ისინი ვერ დაბრუნებულიყვნენ..

გრძელი სანაპიროს გავლის შემდეგ, მოდრიჩის ოჯახმა საბოლოოდ იპოვა ადგილი, სადაც ფიქრობდნენ, რომ უსაფრთხოდ იქნებოდნენ. ისინი სასტუმრო „კოლოვარში“ დაბინავდნენ, რომელშიც ლტოლვილთა თავშესაფარი იყო მოწყობილი..

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფერი კარგად იყო. მეტიც, ლუკას მამამ ხორვატიის ჯარში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა, ხოლო თავად ლუკა კი თავის პირველ ახალგაზრდულ გუნდში „ზადარში“ ჩაირიცხა..

სამწუხაროდ, სულ მალე დაბომბვა ისევ დაიწყო და შიში გაჩნდა. მოდრიჩის ოჯახმა თავი მიწისქვეშა თავშესაფარს შეაფარა..

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ვარჯიშები ხანდახან მაინც ტარდებოდა. ლუკამ კი ყველა გაოცებული დატოვა. ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ, რომ ის ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო, მაგრამ განვლილმა წლებმა მას ხასიათის სიმტკიცე ჩამოუყალიბა, რაც სხვა ბავშვებს არ ჰქონდათ..

მისმა პირველმა მწვრთნელმა თქვა: „მოდრიჩი ისე თამაშობდა, თითქოს ბურთს ფეხზე იწებებდა. სამწუხაროდ, ოჯახს იმის შესაძლებლობაც არ ჰქონდა, რომ წვივის დამცავი ეყიდა, თუმცა ლუკას მამა თავად ამზადებდა დამცავს ფიცრებისგან..“

როდესაც ომი დასრულდა, ლუკა 10 წლის იყო და ცხოვრებაში პირველად მიეცა ფეხბურთის თამაშის ნორმალური შესაძლებლობა. მოდრიჩი ჰაიდუკში ოჯახთან ერთად გაემგზავრა, თუმცა მისმა კლუბმა „ზადარმა" ამის შესახებ არაფერი იცოდა.

როდესაც ჰაიდუკში მისი თამაში ნახეს, უკან გააგზავნეს და „ზადარს“ შეუთვალეს, რომ მისგან კარგი ფეხბურთელი ვერ დადგებოდა..

მიუხედავად იმისა, რომ „ზადარის“ მწვრთნელმა ამ მოგზაურობის შესახებ არაფერი იცოდა და მისთვის მოულოდნელი იყო, მოდრიჩზე არ გაბრაზდა.. პირიქით, მისი საჭიროება დაინახა. მან ლუკა ზდრავკო მამიჩთან მიიყვანა, რომელიც იმ დროს ერთი რიგითი საფეხბურთო აგენტი იყო, თუმცა მოგვიანებით მამიჩი ხორვატიული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად და ლუკას კარიერის ფუძემდებლად გადაიქცა!!

15 წლის ასაკში მოდრიჩი „დინამო“ ზაგრებში ჩაირიცხა. ახალ გუნდში ლუკა საერთო საცხოვრებელში ძიდიჩთან და ლანდეკასთან ერთად ცხოვრობდა. ისინი ერთმანეთის ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ, თუმცა, როდესაც 18 წლის გახდნენ ყველაფერი შეიცვალა..

ცნობილი გახდა, რომ მათ იჯარის წესით ბოსნიის ლიგაში გაუშვებდნენ. მოდრიჩს, ძიდიჩს და ლანდეკას „ზრინსკი მოსტარში“ უნდა ეთამაშათ. ეს ლიგა ცნობილი იყო იმით, რომ იქ გამოუსადეგარ ფეხბურთელებს უშვებდნენ..

იმ პერიოდში, მოდრიჩს ძლიერ ფეხბურთელად არ თვლიდნენ და ელოდებოდნენ, რომ „მოსტარში“ ვერაფერს იზამდა..

იცით რა მოხდა? ლუკამ „ზრინსკი მოსტარი“ ლიგიდან გავარდნისგან იხსნა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღებით ყველა შოკში ჩააგდო.

ეს მისი კარიერის გარდამტეხი მომენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ „დინამო“ ზაგრებში მაინც არ ენდობოდნენ ლუკას და ამის გამო კიდევ ერთი სეზონით გაანათხოვრეს, ამჯერად „ინტერ ზაპრეშიჩში“..

სასაცილო იცით რა არის? მოდრიჩი თავის ახალ გუნდთან ერთად ხორვატიის ჩემპიონატში ბრწყინვალედ ასპარეზობდა და „ინტერ ზაპრეშიჩი“ პირველ ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში იყო. ამის პარალელურად კი „დინამო“ ზაგრები ისტორიაში პირველად ქვედა ლიგაში გავარდნის ზღვარზე იყო და ვინ იცის, რომ არა მოდრიჩის უკან დაბრუნება, შესაძლოა გავარდნილიყვნენ კიდეც..

სეზონის დასრულების შემდეგ, ხორვატმა ნახევარმცველმა პირველად მიიღო საკმაოდ დიდი რაოდენობის ანაზღაურება. მას 1 წუთიც არ უფიქრია და უმალ ზადარში საკუთარი ოჯახისთვის სახლი იყიდა..

შემდეგი 3 წლის განმავლობაში მოდრიჩი ისეთ ფეხბურთელებთან ერთად თამაშობდა, როგორებიც ჩორლუკა, დეიან ლოვრენი, ედუარდო და სილვა და მარიო მანჯუკიჩი იყვნენ. მათ ზედიზედ სამჯერ მოიგეს ხორვატიის ჩემპიონატი..

ლუკამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ორჯერ მოიგო. მესამე სეზონი 13 გოლით და 11 საგოლე გადაცემით დაასრულა. ის გოლში ყოველ 82 წუთში იღებდა მონაწილეობას. მოდრიჩი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად ჩამოყალიბდა.

ახალგაზრდა ხორვატის გადაბირებით „ბარსელონა“, „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ ინტერესდებოდნენ, თუმცა მოდრიჩმა კარიერის გაგრძელება „ტოტენჰემში“ არჩია, რადგან „დეზები“ მასში 16 მილიონ ფუნტს იხდიდნენ და ასევე ჩამოთვლილ გუნდებში ყველაზე მაღალ ხელფასს ჰპირდებოდნენ.

თავდაპირველად სიტუაცია ცუდად წარიმართა. „ტოტენჰემი“ ცუდ ფორმაში იყო და პირველი 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. მოდრიჩმა კი მეოთხე ტურში მუხლის ტრავმა მიიღო..

ამ ყველაფერმა ლუკას ნიჭი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, მაგრამ ჰარი რედნაპის მოსვლამ ყველაფერი შეცვალა. ახალ მწვრთნელს მოდრიჩი ძალიან შეუყვარდა და გუნდი მის გარშემო ააშენა. ამან შედეგი გამოიღო და „ტოტენჰემმა“ შემდეგი 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო..

შემდეგ სეზონში, ხორვატი ფეხბურთელი კიდევ უფრო მეტ შთაბეჭდილებას მოახდენდა, რომ არა წვივის მოტეხილობა.. ჰარი რედნაპმა განაცხადა:

„ლუკა ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა. ის დემონივით ვარჯიშობს და არასდროს ჩერდება. ის პრემიერ ლიგის ნებისმიერ კლუბში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება.“

მოდრიჩის კარგი თამაშის წყალობით, ბოლო 21 წლის განმავლობაში „ტოტენჰემმა“ პირველად დაასრულა სეზონი ოთხეულში და „დეზები“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ..

ლუკას გარეთ ბეილი შეუწყვილდა და ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი მატჩები შემოგვთავაზეს. „ტოტენჰემმა“ ჯგუფურ ეტაპზე „ინტერი“ დაამარცხა, ხოლო მერვედფინალში ასპარეზობას „მილანი“ გამოთიშა.


ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უსიამოვნო სიტუაცია დაიწყო. მოდრიჩი „ტოტენჰემს“ აიძულებდა, რომ გაეყიდათ. მისით „ჩელსი“ ინტერესდებოდა, მაგრამ „დეზები“ ყველა შეთავაზებას ბლოკავდნენ.. მეტიც, ლუკამ პრემიერ ლიგის პირველ ტურში თამაშზე უარი განაცხადა..

ეს დრამა დაუსრულებელს ჰგავდა, მაგრამ საქმეში მადრიდის „რეალი“ ჩაერთო, რომელმაც ლუკას სანაცვლოდ ლონდონელებს 30 მილიონი ევრო გადაუხადა. 10 მილიონით ნაკლები, ვიდრე „ჩელსი“ იხდიდა..

კონტრაქტის გაფორმებიდან 36 საათში მოდრიჩმა პირველი მადრიდული ტიტული მოიგო. ის აშკარად აღარ თამაშობდა „ტოტენჰემში“..

თავდაპირველად ლუკას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა. იმ „რეალს“ ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა. „სამეფო კლუბის“ ნახევარდაცვაში ხედირა, ალონსო და იოზილი ხელშეუხებელნი იყვნენ, ხორვატი კი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა. „ბლანკოსს“ ცუდი სეზონი ჰქონდა და „ბარსელონას“ 16 ქულით ჩამორჩა.

ზამთრის შესვენება მოვიდა და გაზეთებმა მიზეზების ძებნა დაიწყეს. ავტორიტეტულმა გამოცემა MARCA-მ ლუკა მოდრიჩს სეზონის ყველაზე ცუდი ტრანსფერი უწოდა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასი იყო..

ამაზე მეტად ალბათ MARCA ვერასდროს შეცდება..

სეზონის მეორე ნახევარში ხორვატმა ვარსკვლავმა „ელ კლასიკოში“ საგოლე პასი გააკეთა და იმ გოლით „რეალმა“ გაიმარჯვა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მოდრიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუვიწყარი გოლი გაუტანა და „ბლანკოსს“ მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა.


შემდეგ სეზონში „რეალს“ კარლო ანჩელოტი ჩაუდგა სათავეში. იტალიელი სპეციალისტის მეთაურობით ლუკა გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი წევრი გახდა. მოდრიჩი მთელი სეზონის განმავლობაში საკვანძო ფეხბურთელი იყო და მადრიდული გრანდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგოლე გადაცემა შეასრულა. ვგულისხმობ 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს, სადაც „რეალი“ „ატლეტიკოსთან“ 93-ე წუთამდე მარცხდებოდა. ლუკამ კუთხურის ნიშნულიდან სერხიო რამოსს ჩაუწოდა, რომელმაც თავური დარტყმით ტიბო კურტუას კარი აიღო..


მიუხედავად ამისა, მოდრიჩი ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა. სამწუხაროდ, შემდეგ სეზონში მან ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც 4 თვე გამოტოვა.. იცით? ყველაფერ ცუდში დადებითიც არსებობს. ლუკას ტრავმამ ნათლად დაანახა ყველას მისი მნიშვნელობა. ხორვატი ფეხბურთელის გარეშე „რეალმა“ ტიტული ვერ მოიგო და დანაკლისი აშკარა იყო..

შემდეგ მადრიდში ცუდი პერიოდი დადგა. რაფაელ ბენიტესმა ვერ გაამართლა და მის ნაცვლად ზინედინ ზიდანი დანიშნეს. ასე დაიძრა ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური გუნდი თანამედროვე ფეხბურთში..

ლეგენდარულმა ფრანგმა „სამეფო კლუბს“ დანიშვნიდან რამდენიმე თვეში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ზიდანი მოდრიჩს ასე აღწერს: „თამაშის ნამდვილი ოსტატი, რომელიც დაცვას და ნახევარდაცვას იდეალურად აკავშირებს. ეს კი ყველანაირ შესაძლებლობას უფრო მარტივს ხდის.“

ლუკა ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მოხვდა და ეს დიდი წარმატება იყო, მაგრამ მხოლოდ ერთ ქულა აიღო.. დამიჯერეთ ეს სანერვიულო არ არის.. იცით რატომ? შემდეგ სეზონში „რეალმა“ კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალში მოდრიჩმა საგოლე პასი გააკეთა.


2017 წელს, ხორვატი ნახევარმცველი ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა, მაგრამ ეს მისი ერთადერთი წარმატება არ იყო. ლუკა უეფა-ს წლის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა.

2018 წელი მოდრიჩისთვის დაუვიწყარი გამოდგა. მან მიჯრით მესამე ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ეროვნული ნაკრები ფინალში გაიყვანა, სადაც საფრანგეთთან დამარცხდა, თუმცა მის კარიერაში ოქროს დღე დადგა.. ლუკამ ოქროს ბურთი მოიგო.. უკვე ვეტერანმა ფეხბურთელმა დაუვიწყარი, სამართლიანი და ამავდროულად ძალიან საკამათო გზა გაიარა..

მოდით დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყებოდა.. გახსოვთ მამიჩი? აგენტი, რომელმაც მოდრიჩს „დინამო“ ზაგრებში თამაშის შესაძლებლობა მისცა? მამიჩი ხორვატიული ფეხბურთელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. ამავდროულად ის „დინამოს“ აღმასრულებელი დირექტორიც იყო..

ამ დონეზე მისასვლელად მან ყველაფერი გააკეთა.. სიტყვა ყველაფერში აბსოლუტურად ყველაფერს ვგულისხმობ, მათ შორის ბინძურ რაღაცებს..

მამიჩმა ომის დროს ბუნდოვანი ბიზნესი დაიწყო, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებით თაღლითობას ეხებოდა. აკეთებდა არალეგალურ კონტრაქტებს და ჟურნალისტებს, რომლებიც მის წინააღმდეგ რაიმეს წერდნენ, სიკვდილით ემუქრებოდა. მამიჩს ასევე მატჩების ჩაწყობაში და გადასახადებისგან თავის არიდებაშიც ადანაშაულებდნენ..

2018 წელს, ის ხორვატიაში ყველაზე საძულველ ადამიანად იქცა. მისი მოკვლაც კი სცადეს, მაგრამ გადარჩა. მამიჩის დაკავების ორდერიც გაიცა და მას 6-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სანამ მას პოლიცია დაიჭერდა ქვეყნიდან გაიქცა..

მაგრამ რა შუაშია ამ ყველაფერთან მოდრიჩი?

ლუკას „ტოტენჰემში“ ტრანსფერი მისი ერთ-ერთი საეჭვო გარიგება იყო. მამიჩმა „დინამო“ ზაგრები არავინ იცის, რით, მაგრამ აიძულა, რომ მისთვის და მოდრიჩისთვის 10 მილიონი ევრო გადაეხადა..

„რეალის“ სუპერვარსკვლავი საჯაროდ გამოვიდა და დაგმო ყველა ის საქციელი, რაც მან ჩაიდინა, მაგრამ, როდესაც სასმართლოში საუბრის დრო დადგა, მან უკან დაიხია და ყველაფერი უარყო. ყველაფერი მაშინ გაუარესდა, როცა მამიჩს სასჯელი შეუფარდეს, ხოლო თავად მოდრიჩი ცრუ ჩვენებაში დაადანაშაულეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა..

არავინ იცის რატომ მოიტყუა ლუკამ სასამართლოში, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, მოდრიჩი მთელი ქვეყნის იმედგაცრუება გახდა..

ხორვატიაში, სტადიონებზე ლუკასთვის შეურაცხმყოფელ სიმღერებს მღეროდნენ. ცნობილი ადამიანები კი მის წინააღმდეგ განეწყვნენ. მოდრიჩის აშენებულ სასტუმროს წინ დიდი ბანერიც კი გამოკიდეს წარწერით: „მოდრიჩი მამიჩის ბოზი“.

მადრიდული გრანდის ფეხბურთელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მის წინააღმდეგ ფაქტობრივად მთელი ქვეყანა განეწყო.. არავის ეგონა, რომ ლუკა 2018 წლის მუნდიალზე ითამაშებდა..

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე, მოდრიჩი პრესკონფერენციაზე წარსდგა, სადაც მას ჰკითხეს, თუ როგორ გრძნობდა თავს სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ლუკას არ ესიამოვნა და უპასუხა:

„უფრო ჭკვიანი შეკითხვა არ გაქვს?“

ტურნირის დაწყებიდან ძალიან მალე, მოდრიჩი ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რადგან ხორვატია ისტორიაში პირველად ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა..

მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანმა ნახევარმცველმა მერვედფინალში დანიასთან პენალტი ვერ გამოიყენა, ხორვატია მეოთხედფინალში მაინც გავიდა, სადაც რუსეთს დაუპირისპირდა და მოდრიჩმა დიდებულად ითამაშა. შემდეგ ინგლისის ჯერი დადგა და ეს ბარიერიც არ აღმოჩნდა პრობლემა. ფინალში კი ხორვატია, როგორც უკვე მოგახსენეთ საფრანგეთთან დამარცხდა, მაგრამ ამ წაგების მიუხედავად, ლუკა 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა..

ტურნირის დასრულების შემდეგ, მოდრიჩი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც უამრავი ადამიანი ელოდა.. ბოლო თვეების მოვლენები აღარავის ახსოვდა და ლუკას სიყვარულით შეხვდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ მან „რეალთან“ ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო, ხოლო დეკემბერი მის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო აღმოჩნდა..

რატომ? იმიტომ, რომ მას ყველა ბრალდება მოუხსნეს.. ასევე, მოდრიჩმა რონალდუს და მესის 10-წლიანი დომინირება დაასრულა და ოქროს ბურთი მოიგო..

ხო.. ეს გადაწყვეტილება ცოტა საკამათო იყო და თქვენც ალბათ, ვინც ამ ბლოგს კითხულობთ სხვადასხვა მოსაზრება გაქვთ იმასთან დაკავშირებით, ეკუთვნოდა, თუ არა მოდრიჩს ოქროს ბურთი.. მაგრამ ამ ბლოგის მთავარი აზრი ეს არ არის..

ამ ბლოგის აზრს თავად მოდრიჩის ციტატა გვეუბნება: „ყველა მიღწევის და ტიტულის შემდეგ გონებაში მხოლოდ ჩემი ბავშვობის მოგონებები მახსენდება.. ომი, გაჭირვება და სიკვდილის შიში.. მახსენდება ბაბუა, რომელიც მოკლეს და ვიაზრებ, რომ მან ჩემი წარმატება საკუთარი თვალით ვერ ნახა. ეს ძალიან რთულია..“

ლუკა თავისი კარიერის უმძიმეს პერიოდსაც იხსენებს: „როდესაც „რეალიდან“ ზიდანი და რონალდუ წავიდნენ ჩვენ არაფერი გამოგვდიოდა. „ბარსელონასთან“ ორი თამაში წავაგეთ, გამოვვარდით ჩემპიონთა ლიგიდან და კოპა დელ რეიდან. ესეც ძალიან რთული იყო..“

დადგა დრო, როდესაც მოდრიჩს ბებერი უწოდეს და მისი იმედი ბევრს აღარ ჰქონდა, თუმცა 2 წლის შემდეგ, ლუკა მადრიდის „რეალს“ მეთოთხმეტე ჩემპიონთა ლიგისკენ გაუძღვა. 2022 წელს „სამეფო კლუბმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი საოცარი ბრძოლის შედეგად მოიგო. პლეი-ოფის სამივე მატჩში აგებდა და სამივე შემოატრიალა..

ლუკა მოდრიჩმა კი კარიერაში მეხუთე ჩემპიონთა ლიგა მოიგო..

დღეს, „რეალის“ „ათიანი“ კვლავ კარგ ფორმაშია და ხორვატიის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-სთვის ემზადება..

გაზიარება: