მადრიდის რეალი, ფედე ვალვერდე
Aa Aa

მშიერი დედა, შვილის დაკარგვის შიში და უარი არსენალს - მე ფედე ვალვერდე ვარ

..როდესაც ჩემს ცხოვრებას ვიხსენებ, სამი მშვენიერი დღე მახსენდება..

პირველი, როცა მადრიდის „რეალმა“ დამირეკა..

მეორე მაშინ იყო, როცა ჩემი შვილი ბენისიო დაიბადა..

ხოლო მესამე მაშინ, როცა ჩემი მეორე შვილი ბაუტისტა გაჩნდა..

მესამე სრულყოფილი დღისთვის ჩემმა ოჯახმა ჯოჯოხეთი გაიარა..

მინდა ეს ისტორია მოგიყვეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე ჩვეულებრივი მოსაუბრე არ ვარ. ასეთი ამბების ჩემთვის დატოვება მიყვარს, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ეს შეიძლება სხვა ადამიანებს დაეხმაროს.. განსაკუთრებით ჩემნაირ ბიჭებს, რომლებსაც ურჩევნიათ საკუთარი ტკივილი დამალონ. ასეთი კი სამხრეთ ამერიკაში ძალიან ბევრია..

იმისთვის, რომ ეს ისტორია მოგიყვეთ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ..

მაგრამ, თუ მე ვაპირებ თქვენთან საუბარს, როგორც დღევანდელი ფედე ვალვერდე, მაშინ ისიც უნდა გაიგოთ როგორი ვიყავი ბავშვობაში..

ურუგვაიში ყველაფერი სხვანაირად არის, გაჭირვება სისხლში გვაქვს. არ მიყვარს იმის თქმა, რომ ღარიბები ვიყავით. მირჩევნია ვთქვა, რომ დედაჩემი და მამაჩემი ძალიან ბევრს შრომობდნენ..

მამაჩემი კაზინოს დაცვაში მუშაობდა, ხოლო დედას ბაზარში ტანსაცმლით და სათამაშოებით დატვირთული ურემი დაჰქონდა. ჯერ კიდევ ყურებში ჩამესმის ბორბლების ჭრიალის ხმა.. ის ისეთი მძიმე იყო გონებაში ვფიქრობდი, რომ მისი ტარება მხოლოდ ჰალკს შეეძლო. იცით? დედა იმ ურემს ნებისმიერ ამინდში დაატარებდა..

ხანდახან ბაზარში მივყვებოდი. სათამაშოების და ტანსაცმლის ზემოდან ვჯდებოდი. დედას ვაკვირდებოდი და ვიაზრებდი, თუ რამხელა მსხვერპლზე მიდიოდა.. ყველაზე უარესი იცით რა იყო? გრძელი გზის ბოლოს ამ ტანსაცმლის ახლიდან დაკეცვა და ჩალაგება, რომ უწევდა..

შემდეგ სახლში მივდიოდით, ჩემს ბინძურ წინდებს რეცხავდა და ბოლოს ყველასთვის სადილს აკეთებდა.. დამიჯერეთ ის ნამდვილი გმირია..

დედა დილის 8-დან საღამოს 7 საათამდე მუშაობდა, ხოლო მამა საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე. წარმოგიდგენიათ ერთმანეთისთვის რამდენი დრო გვქონდა? მხოლოდ ერთი ოქროს საათი..

ყველაზე საოცარი იცით რა იყო? ასეთი გაჭირვების მიუხედავად, დედა ყოველთვის ახერხებდა, რომ საღამოს ერთი ქილა კოკა-კოლა მქონოდა.. ესპანეთში ბავშვებს ეს არაფრად ეჩვენებათ, მათთვის თითქმის უფასოა, მაგრამ ჩემთვის ეს ძვირიანი შამპანური იყო..

წარმოგიდგენიათ რას სწირავდა დედა იმისთვის, რომ მე ყოველდღე კოკა-კოლა მქონოდა? ბოლომდე ახლაც ვერ ვიაზრებ. ბავშვობაში გულუბრყვილო ხარ და რაღაცებს ვერ იაზრებ. ვერ ვხვდებოდი რატომ არ ჭამდა დედა ხშირად. მეგონა, რომ არ შიოდა..

ახლა უკან ვიხედები და ვხვდები რასაც აკეთებდა..

მისი ერთადერთი ბედნიერება იცით რა იყო? იმ ოქროს საათში ერთად სადილი..

შეიძლება ჩვენ ბევრი ფული არ გვქონდა, მაგრამ ჩემი ოთახის ერთ-ერთი კედელი გავაფერადეთ და ის ახალს ჰგავდა. ეზოში მამა წყლის შლანგით მწუწავდა და ეს ისე აღიქმებოდა თითქოს ეზოში აუზი გვქონდა..

გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ამ ვითარების გამო კარგ ადამიანად ვიზრდებოდი.. როგორც კი ფეხბურთის თამაში დავიწყე დავინახე, რომ ჩემს მეგობრებს ჩემზე მეტი ჰქონდათ.. ეს ცოტა უხერხულობას მიქმნიდა. არ მინდოდა მათი სახლში დაპატიჟება, რადგან ნახავდნენ როგორ ვცხოვრობდი.. სახლში მხოლოდ 3 უფასო არხი გვქონდა..

ჩემი საწოლი მხოლოდ ერთი ლეიბი იყო, რომელიც იატაკზე იდო.. ზაფხულში კი ტარაკნები არ მასვენებდნენ..

ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ ძალიან მრცხვენოდა.. წარმოგიდგენიათ როგორი სასტიკი შეიძლება იყოს 11-12 წლის ბავშვი? ვფიქრობდი, თუ თანაგუნდელები ჩემი სიღარიბის ამბავს გაიგებდნენ დამცინებდნენ.. მიუხედავად ამისა, მე გამუდმებით მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი ვიყავი..

ემოციები ფეხბურთში გადავიტანე და ფეხბურთის საშუალებით ჩემი ოჯახის მდგომარეობაც შევცვალე.. როდესაც 16 წლის ასაკში „პენიაროლთან“ პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე თავი ღმერთი მეგონა..

დამიჯერეთ ძალიან რთულია იმასთან შეგუება, რომ შენთან უცხო ადამიანები მოდიან და სურათს იღებენ. ყურადღებას ისეთი გოგოები გაქცევენ, რომლებიც 1 კვირის წინ ზედაც არ გიყურებდნენ.. ყველას სურს შენთან მეგობრობა..

მაშინაც კი, თუ ჩემსავით შესანიშნავი მშობლები გყავს, შეუძლებელია გზიდან არ გადახვიდე.. სოციალური მედიის ეპოქაში გავიზარდე და გავლენა ძალიან დიდი იყო..

მახსოვს მამამ მითხრა: „ჰეი, ფედე რატომ აღარ ხარ შენს მეგობრებთან? რა გჭირს? არ გახსოვს ქუჩაში ერთად როგორ თამაშობდით?“

სამწუხაროდ, ძველი მეგობრები ახლებით ჩავანაცვლე..

ძალიან თავხედი გავხდი.. მახსოვს პატარა ბავშვები ღობის მეორე მხრიდან ავტოგრაფს მთხოვდნენ და ჩემს სახელს ყვიროდნენ. მე კი გავიფიქრე: „დღეს ძალიან დაღლილი ვარ..“

არადა ავტოგრაფის მიცემას 2 წუთზე მეტი არ სჭირდებოდა.. მე კი მათ ზურგი ვაქციე.. ახლა ამის გახსენებისას გული მიკვდება, რადგან მშობლებს ასე არ გავუზრდივარ.. რიგითი იდიოტი ვიყავი, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა და ოცნებისთვის იბრძოდა.. რა დაემართა ბავშვს, რომელიც ერთი ქილა კოკა-კოლით ბედნიერი იყო?..

ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მოულოდნელმა დიდებამ დამაბრმავა.. ფეხბურთის შესწავლა ბიზნესის კუთხითაც დავიწყე..

თუ გუგლში ჩემს სახელს ჩაწერთ ნახავთ ინფორმაციას, რომ მე „არსენალში“ გადავდიოდი.. ეს ნახევრად სიმართლეა. „არსენალის“ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ინგლისში თამაში არ მინდოდა. ურუგვაიში ყველა გაგიჟდა. ვერ ხვდებოდნენ, როგორ შეიძლებოდა უარი მეთქვა ასეთი გუნდისთვის. ურუგვაიში ჩარჩენასაც კი მიწინასწარმეტყველებდნენ..

არადა რეალურად იცით რატომ უნდოდა „პენიაროლს“ ჩემი წასვლა? ისინი ჩემს სანაცვლოდ ბევრ ფულს მიიღებდნენ.. ეს იყო რეალური მიზეზი..

ხვდები, რომ ფეხბურთში შენი თავი შენ არ გეკუთვნის. ასეთ პატარა ასაკში შენი ოჯახიც მძევალი ხდება. ფეხბურთი უკეთესი ცხოვრებისკენ გაქცევა იყო, განსაკუთრებით კი სამხრეთ ამერიკელი ბავშვისთვის.. ეს ევროპულმა გუნდებმა კარგად იციან და შენზე „ლამაზი“ გზით ზეწოლას ახდენენ..

„ჯანდაბა ფედერიკო, თუ შენ „არსენალში“ წახვალ კარგი საწოლი და ცხელი შხაპი გექნება. შეგიძლია 30-40 წუთიც კი ბანაობდე..“

ვის არ უნდა ასეთი სიცოცხლე?

1-კვირიანი საცდელი ვადით ლონდონში გამიშვეს, მაგრამ თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. ჩემი ოჯახი ვერ გამომყვა და 16 წლის ასაკში სრულიად მარტოს უნდა მეცხოვრა, თანაც ინგლისური არ ვიცოდი..

ან საკმარისად გიჟი ვიყავი, ან საკმარისად გამბედავი.. „არსენალს“ უარი ვუთხარი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს მთელ კარიერას ურუგვაიში გავატარებდი... შემდეგ მივიღე ზარი, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა..

პარაგვაიში სამხრეთ ამერიკის 17-წლამდე ჩემპიონატზე ვიყავი. არგენტინასთან სათამაშოდ ვემზადებოდით. მატჩის წინა დღეს ჩემს ნომერში ვიჯექი. მშობლები სხვა ოთახში იყვნენ დაბინავებული. დედამ დამირეკა და მითხრა: „ფედე მოდი ჩვენთან, აქ ადამიანები არიან, რომლებსაც შენთან საუბარი სურთ.“

იმ მომენტში კომენდანტის საათი იყო და გარეთ გასვლის უფლება არ მქონდა. ვუთხარი, რომ არ შემეძლო და ტელეფონი გავუთიშე..

მან იმ წამსვე გადმორეკა და მითხრა: „ფედე აქ მადრიდის „რეალიდან“ არიან..“

თავიდან მეგონა ხუმრობდა.. მის ოთახში მივედი და იქ ორი უცნობი ადამიანი დამხვდა. დედამ ტირილი დაიწყო, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის. ის ყოველთვის ტირის, როცა რაიმე მნიშვნელოვანი ხდება.. ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მეფიქრა..

დედას ვუთხარი: „ეს უპატივცემულობაა..“

მან მიპასუხა: ფედე, მოკეტე და ამ ადამიანებს მოუსმინე. მათ შენთვის საოცარი სიახლე აქვთ..“

მახსოვს ვფიქრობდი, რომ ის ბიჭები „პენიაროლიდან“ უნდა ყოფილიყვნენ. მეგონა ახალ კონტრაქტს შემომთავაზებდნენ და ამის საშუალებით ოცნებას ავიხდენდი და „ფლეისთეიშენს“ ვიყიდდი..

იმ ბიჭებმა კასტილიურ ენაზე დაიწყეს საუბარი და არა სამხრეთ ამერიკულ ესპანურზე.. იმ მომენტში მივხვდი, რომ ურუგვაელები არ იყვნენ..

მათ მითხრეს: „ჩვენ მადრიდის „რეალიდან“ ვართ. გვჯერა, რომ შენ შეგიძლია ვარსკვლავი გახდე. ასე რომ, გვინდა შენ და შენი მშობლები მადრიდში გადმოხვიდეთ საცხოვრებლად..“

გავშეშდი.. წამიერად ყველაფერი გაიყინა.. ბოლოს სიჩუმე ისევ მე დავარღვიე და ვკითხე: „მეხუმრებით?“

დედამ თქვა: „ფედე, მოკეტე!! არავინ გეხუმრება!!“

მსოფლიოში მილიონობით ახალგაზრდა მოთამაშეა და „რეალს“ ჩემი წაყვანა უნდოდა? ოთახიდან გავიქეცი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი: „სად არის მამა ? მამასთან მინდა საუბარი!!“

ფოიეში ჩავირბინე, იქ მამა სხვა მშობელს ესაუბრებოდა. გავაწყვეტინე და ბოლო ხმაზე დავიყვირე: „მამა!! მამა!! მადრიდი აქ არის!!“

მან მიპასუხა: „რას გულისხმობ? ისინი აქ ჩამოვიდნენ?“

მე ვუთხარი: „ადი ოთახში ისინი იქ არიან და ჩემი „რეალში“ გადაყვანა სურთ!!“

ის ისე მიყურებდა თითქოს მსოფლიოში ყველაზე გიჟი ბავშვი ვიყავი და მითხრა: „თუ ისინი იქ არიან შენ აქ რას აკეთებ? დაბრუნდი ოთახში იდიოტო!!“

ოთახში სირბილით დავბრუნდი და ის ადამიანები ისევ იქ იყვნენ. საბედნიეროდ ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩნდა..

ეს ჩემი ცხოვრების პირველი იდეალური დღე იყო. დავინახე, თუ როგორი აღელვებულები იყვნენ ჩემი მშობლები. დედა ხშირად ტირის, მაგრამ მამას ემოციების გამოხატვა უჭირს, თუმცა მის თვალებში მაინც დავინახე სინათლე..

„ჩემი შვილი მადრიდის „რეალში“ ითამაშებს..“

არ არსებობს ფასი, რომელსაც ამ წინადადებას დაადებ. რამდენიმე თვის განმავლობაში სამყაროს ზენიტში ვიყავი. შემდეგ ცხოვრებამ, როგორც ყოველთვის თავმდაბლობა გამახსენა..

მისმინეთ, რაღაც აუცილებლად უნდა გაიგოთ.. სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ფედე ვალვერდე ხართ..

შენ ხარ 17 წლის და 2 წლის წინ გეძინა ლეიბზე, რომლის ზამბარებიც გერჭობოდა.. ახლა კი შენი წაყვანა მადრიდის „რეალს“ სურს..

როდესაც მადრიდში ჩავედი მეგონა, რომ ჩემს სხეულში ერთდროულად მესი და რონალდუ ცოცხლობდნენ..

როცა 17 წლის ასაკში ასეთ წარმატებას აღწევ ბევრ რამეს ვერ იაზრებ. მე სულელი ბავშვი ვიყავი, რომელსაც მოულოდნელად ბევრი ფული გაუჩნდა. ეს კომბინაცია ჯოჯოხეთურ ნარკოტიკს ჰგავდა..

პირველი ვარჯიში კასტილიასთან ერთად ჩავატარე. გასახდელში ისე შევედი, თითქოს ღრუბლებზე ფეხის წვერებით დავდიოდი. ძალიან თავდაჯერებული ვიყავი!! ვამოს!! ვარჯიშის შესახებ ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს ის მომენტი, როცა გავიაზრე, რომ ყველა თავის ტანისამოსს იცვამდა და მათ დებილივით ვაშტერდებოდი..

„გუჩის“ ქამრები..

„ნაიკის“ ბოტასები..

„ლუი ვიტონის“ საფულეები..

გახსოვდეთ, რომ ახლა მე ლეგენდებზე, როგორებიც ბენზემა და მარსელო არიან მათზე არ ვსაუბრობ. მე ჩემს თანატოლ ბავშვებზე გიყვებით..

ჩემთვის „ზარას“ ფირმის ტანისამოსი საკმაოდ ძვირი იყო. თუ ურუგვაიში „ზარა“ გაცვია ეს იმას ნიშნავს, რომ მდიდარი ხარ. ირგვლივ ვხედავ ბავშვებს, რომლებსაც ისეთი საათი უკეთიათ, რომელიც ჩემი მშობლების სახლზე ძვირი ღირს..

იმ მომენტში გავიაზრე, რომ ჯერ მე არავინ ვიყავი..

ბიჭებმა შხაპის მიღება დაიწყეს და დავინახე, რომ მათ „გუჩის“ საცვლები ეცვათ. ჯანდაბა ეს როდის მოიგონეს? ნეტა რა ღირს?

იმ მომენტში გავიფიქრე და ვოცნებობდი, რომ ჩემი საცვალი გახეული არ ყოფილიყო, რადგან ასეთი ბევრი მქონდა..

20 წუთი ვიჯექი და ჩემს ტელეფონში რაღაცებს ვათვალიერებდი. დრო გამყავდა, რომ მათთან ერთად შხაპი არ მიმეღო. გუნდელებმა მკითხეს: „ხო კარგად ხარ? რამე ხომ არ გაწუხებს?“

თავი ასე პატარა ადამიანად არასდროს მიგრძვნია..

დაველოდე, როცა ყველამ დაასრულა ბანაობა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიცვალე..

იმ ღამეს H&M-ში მივედი და საუკეთესო საცვლები ვიყიდე..

მახსოვს იმ ღამეს ჩემს თავს ვუთხარი: „ფედე ახლა შენ მადრიდის „რეალში“ ხარ, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ არ ხარ. შენ ერთი პატარა ნაბი***არი ხარ ურუგვაიდან..“

ფეხბურთში სასაცილო რა არის იცი? შეიძლება მილიონობით დოლარი და მილიონობით გამომწერი გყავდეს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც პატარა სულელი ბიჭი ხარ..

ჯერ არაფერი მქონდა მოგებული და მეგობარიც არ მყავდა.. რატომ ვიცვამდი „გუჩის“ საცვლებს და რატომ მქონდა „ლუი ვიტონის“ საფულე? ვის რას ვუმტკიცებდი? უბრალოდ მეც ერთი გულუბრყვილო ბავშვი ვიყავი. ამის მოყოლით განახებთ, თუ როგორ ცვლის ფეხბურთი ადამიანს..

საბედნიეროდ, ჩემი მშობლების ღირებულებები მქონდა. როგორც კი მივხვდი, რომ არავინ ვიყავი, მაშინვე დავიწყე რაღაცების დაფასება..

ბუმბულის ახალი ლეიბი, რომელზეც მეძინა..

კონდიციონერი..

50 არხი ტელევიზორში..

ეს სამოთხეს ჰგავდა..

მახსოვს, როცა ვარჯიშზე ჩემი BMW X3-ით მივედი, თითქოს „ფერარის“ ვმართავდი.. ბიჭები გავაფრთხილე, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ.. მეშინოდა შემთხვევით მანქანა არ დაეკაწრათ..

ჩემი მანქანა ავტო სადგომზე ყველაზე იაფი იყო, მაგრამ ეს ჩემი პირველი მანქანა იყო და თავს მეფედ ვგრძნობდი..

ეს ყველაფერი შესანიშნავი იყო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდი მაშინ იწყება, როცა ბენისიო დაიბადა..

ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თავი მისი დაბადებაა.. 19-20 წლის ვიყავი.. ფეხბურთს ვთამაშობდი, ბევრ ფულს ვშოულობდი და ლამაზ მანქანებს ვატარებდი.. 21 წლისას კი შვილი შემეძინა და სწორედ მაშინ შევიცვალე..

ეს ჩემი მეორე საუკეთესო დღე იყო..

მანამდე მხოლოდ ჩემს თამაშებზე ვნერვიულობდი. თუ ცუდად ვითამაშებდი მშობლებსაც კი არ ვესაუბრებოდი.. ოთახში ავდიოდი, მარტო ვრჩებოდი და ჩემს შეცდომებს ვაანალიზებდი.. არ ვიცი ეს ჯანსაღია, თუ არა, მაგრამ, როდესაც მადრიდის „რეალში“ თამაშობ ყველაზე დიდი ზეწოლა გაქვს. ამიტომ, ყოველთვის 100%-ით უნდა დაიხარჯო..

ბენისიოს დაბადების შემდეგ, თუ ცუდად ვითამაშებდი და სახლში ვბრუნდებოდი ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდებოდა.. ის ჩემთან თავისი სათამაშოთი გამორბოდა და მეხუტებოდა. მას არაფერი ანაღვლებდა, არც კი იცოდა ფეხბურთი რა იყო.. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ჩემთან ერთად სათამაშოებით თამაში იყო..

მისმა სიყვარულმა მთლიანად შემცვალა, როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი.. გონებრივად ის ძალიან მჭირდებოდა, რადგან მსოფლიოში ჩემზე მძიმე ხასიათის მქონე ფეხბურთელი არ არსებობს..

და სხვათა შორის, ჩემი ცოლი მინა.. ის სულ სხვა დონეზეა.. ის არგენტინელია და ძალიან კარგად იცის ფეხბურთი.  რასაც არ უნდა ვაკეთებდე სტადიონზე, მისთვის არასდროს არის საკმარისი..

გახსოვთ „აიაქსთან“, რომ გამოვვარდით? მანქანაში გაბრაზებული ჩავჯექი და იმის მაგივრად, რომ დავემშვიდებინე იცით რა მითხრა?

„მართლა ფედე? სერიოზულად? ეს რა იყო? ასე აპირებ მადრიდის „რეალში“ თამაშს?“

მე ვუპასუხე: „როგორ ფიქრობ, მე არ ვიცი?“

მინა: „შენ არასდროს რისკავ!! ხშირად უნდა დაარტყა, რადგან ფეხბურთში შენი მთავარი სიძლიერე სწორედ ეს არის!!“

ყველაზე საშინელი იცით რა არის? ის მართალი იყო, მაგრამ მას ამას არასდროს ვეტყვი. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს არ კითხულობს..

ჩვენ ნამდვილი საფეხბურთო ოჯახი ვართ. ერთი ურუგვაელი, მეორე არგენტინელი.. ეს ნამდვილი სიგიჟეა..

ასე რომ, როცა ჩემი შვილი დაიბადა ეს საოცარი ცვლილება იყო..

მგონი ცოტა დედაჩემს ჰგავს, არა? ვარჯიშზე წასვლის წინ მას ვუყურებ და თავს მეომრად ვგრძნობ. ეს განსხვავებულია იმისგან, როცა 17 წლის ხარ და მთელი სამყარო „გუჩის“ ქამრებით დადის..

არ არის გასაკვირი, რომ 2021/2022 წლებში საუკეთესო სეზონი მქონდა. მაშინ ბენისიო 2 წლის იყო და პატარა ადამიანიდან პიროვნებად გადაიქცა.. იმ წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და ვიგრძენი, რომ მადრიდის „რეალში“ ჩემი კვალი დავტოვე.. რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე, რომ მეორე შვილს ველოდებოდი.. ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, მინა ექიმთან წავიდა და სწორედ მაშინ დაინგრა ყველაფერი..

ექიმმა გვითხრა, რომ ორსულობა ძალიან მაღალ რისკს შეიცავდა და ჩვენი შვილის სიცოცხლე საფრთხეში იყო. სიტუაციას უნდა დავკვირვებოდით და ლოდინის მეტი სხვა გზა არ გვქონდა..

წარმოიდგინეთ ეს სიტყვები გესმის..

ტკივილის აღწერა არ შემიძლია..

მინა ყოველდღე ფიზიკურად და სულიერად იტანჯებოდა.. მე თითქოს გავითიშე.. მე ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში ყველაფერს კეტავს.. ვიცი, რომ არ არის ჯანსაღი, მაგრამ ნამდვილი ფედერიკო ასეთია.. არასდროს მინდა ვინმემ ჩემი ცრემლები დაინახოს, ოჯახის წევრებმაც კი..

როდესაც ვარჯიშზე ან თამაშზე არ ვიყავი ოთახში ვიკეტებოდი და სამყაროსგან სრულ იზოლაციას ვახდენდი. არანაირი ტელეფონი და სოციალური ქსელი..

ვგრძნობდი, რომ კლდე უნდა ვყოფილიყავი, რადგან ყველა იტანჯებოდა.. ძლიერ პერსონაჟს ვთამაშობდი, რომელიც ცოლს ეუბნება: „ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთს სურს..“

როცა მარტო ვიყავი, საათობით ვტიროდი.. მატჩის დღეს, როცა კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავი, საწოლში ვიწექი და მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობდი..

რამდენჯერმე კარგად ვერ ვითამაშე და გულშემატკივრებმა დამისტვინეს.. ჟურნალისტები კითხვებს მისვამდნენ და პასუხის გაცემა არ მინდოდა..

ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო..

მინდა რჩევა მივცე იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს მდგომარეობა გაიარეს. არ იყოთ ჩემსავით ჯიუტები და საკუთარ თავთან არ იგლოვოთ!!

„ვილიარეალთან“ მატჩის დროს ყველაფერი ფსკერზე დაეშვა. არ მინდა ამ ამბის გახსენება. უბრალოდ გეტყვით, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს!!

მოედანზე ნებისმიერ რამეს ავიტან, მაგრამ ზღვარი არსებობს. ფეხბურთელებმა ადამიანობა უნდა შეინარჩუნონ!! თამაშის დროს ჩემს ოჯახზე საუბარი ყველანაირ ზღვარს სცდება..

იმ დღეს ეს ზღვარი გადაიკვეთა..

უნდა მქონოდა, თუ არა რეაგირება? არ ვიცი.. იქნებ სახლში უნდა წავსულიყავი და ბენისიოსთან ერთად ბურგერი მეჭამა ან მულტფილმების ყურება დამეწყო? არ ვიცი.. მეც ადამიანი ვარ და ნერვები მაქვს..

მტკივნეული იყო იმის დანახვა, რომ ვიღაცებმა მოძალადედ შემრაცხეს. ბევრი ტყუილი ითქვა და დაიწერა.. საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით არაფერს ვნანობ, რადგან ამან უფრო გამაძლიერა და ჩემი ოჯახი უფრო შეკრული გახდა..

მადლობა ღმერთს, იმ ბნელი დღის შემდეგ, ყველაფერი გაცილებით უკეთესი გახდა..

როდესაც ჩემმა ცოლმა მთელს მსოფლიოს განუცხადა, თუ რას განვიცდიდით ყველაფერი მარტივი გახდა.. „რეალის“ ფეხბურთელების მხარდაჭერამ ძალიან იმოქმედა.. ეს არასდროს დამავიწყდება, მათ ჩემი ოჯახის პატივისცემა სამუდამოდ ექნებათ.. როცა არაზუსტ პასს ვაკეთებდი ყველა ჩემს სახელს ყვიროდა და მამხნევებდა.. გულშემატკივრებიც იმავეს აკეთებდნენ და ეს დაუვიწყარია..

როცა 80 000 ადამიანი ასე გიჭერს მხარს, 80 000 ადამიანის ჩახუტებას ჰგავს.. მხოლოდ მადლობა შემიძლია ვთქვა..

ჯოჯოხეთური თვენახევრის შემდეგ, ცხოვრების საუკეთესო ამბავი გავიგეთ.. ტესტებმა კარგი პასუხები აჩვენა და საბოლოო ჯამში ორსულობა დადებითად წარიმართა.. მშობიარობამდე მაინც დაძაბული ვიყავი.. მადლობა ღმერთს!! ივნისში ბაუტისტა მოევლინა სამყაროს..

ჯანმრთელი და ბედნიერი..

ჩვენი სასწაული..

მესამე იდეალური დღე..

იცით?.. არ ვარ ადვილი ადამიანი არც ფეხბურთში და არც, როგორც პიროვნება.. არ ვფიქრობ, რომ კმაყოფილი ვარ.. არასდროს მიგრძნია, რომ რაიმეს მივაღწიე ან საკმარისი გავაკეთე..

მაგრამ იმ დილით საავადმყოფოში, როცა ჩემს ცოლს ბაუტისტა ხელში ეჭირა, გავიფიქრე, ფედე, შეხედე მათ.. ეს არის ის!!

შენ გაიმარჯვე..“ - მე ფედე ვალვერდე ვარ

გაზიარება: